გასაგებია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ხელს გიწყობთ და შემოსავალი განიჭებთ დიდ სიამოვნებას, მაგრამ არსებობს მორალური კატეგორიები და ქვეყნისადმი სიყვარულის მცნება. დაფიქრდით ამაზე და მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ნებართვა დაგრთოთ, უარი უნდა თქვათ პუტინის მიერ შექმნილ სისტემაში მონაწილეობაზე, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ „ჯორჯიან ეარვეისის” ხელმძღვანელ თამაზ გაიაშვილს, რითაც „ჯორჯიან ეარვეისის” საიტზე, გადახდის სისტემაში რუსული Мир-ის გამოჩენას გამოეხმაურა.
ნიკა მელიას შეფასებით, „ჯორჯიან ეარვეისი“ ხელს უწყობს რუსეთის ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთისადმი დაწესებული სანქციებისგან გვერდის ავლაში და ურთიერთობებს ამყარებს იმ რუსულ საგადასახადო სისტემასთან, რომელიც უკანონოდ საქმიანობს ოკუპირებულ აფხაზეთში.
„მოგეხსენებათ, რომ მსოფლიოში არსებობს ყველასთვის ცნობილი საერთაშორისო პლასტიკური ბარათების სისტემები – Visa, Mastercard-ი, American Express-ი და სხვა. რუსეთმა სანქციებისგან თავის არიდების მიზნით შექმნა შიდა რუსული პლასტიკური ბარათების სისტემა სახელწოდებით – Мир. 2 დღის წინ საქართველოში მოხდა წარმოუდგენელი რამ – რუსულ სისტემაში, რომელიც შეიქმნა დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების თავის ასარიდებლად, ჩაერთო ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ და დაიწყო ბილეთების გაყიდვა, რითაც ხელს უწყობს რუსეთის ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთისადმი დაწესებული სანქციებისგან გვერდის ავლაში. ასევე, ეს ავიაკომპანია კომერციულ ურთიერთობებს ამყარებს იმ რუსულ საგადასახადო სისტემასთან, რომელიც უკანონოდ საქმიანობს ოკუპირებულ აფხაზეთში და არღვევს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.
მისივე თქმით, ავიაკომპანიის ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების ჩარევის გარეშე შეუძლებელი იყო, “შესაბამისად საქართველოს ხელისუფლება კვლავ ღიად დაუპირისპირდა უკრაინისა და დემოკრატიული თანამეგობრობის ბრძოლას მშვიდობისა და თავისუფლებისთვის”.
ოპოზიციონერი ლიდერის აზრით, მთავრობის ეს ნაბიჯები გამოიწვევს იმას, რომ საქართველო, როგორც აგრესორი და ოკუპანტი სახელმწიფოს ღია მოკავშირე, საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოხვდება.
,,რა თქმა უნდა, ეს კომპანია ამ ყველაფერს ვერ შეძლებდა ხელისუფლების თანხმობის და პირდაპირი ნებართვის გარეშე. ივანიშვილის მთავრობის მიერ ეს არის მორიგი სამარცხვინო და უღირსი ქმედება, მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო რუსეთის მიმართ ამკაცრებს სანქციებს, საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მონაწილეობს ამ სანქციების რუსეთისთვის არიდებაში. უკვე მერამდენე მძიმე ფაქტია, რომელსაც ფარდა ეხდება ყოველდღიურად, საქართველოს ხელისუფლება კვლავ ღიად დაუპირისპირდა უკრაინისა და დემოკრატიული თანამეგობრობის ბრძოლას მშვიდობისა და თავისუფლებისთვის. მთავრობის ეს ნაბიჯები გამოიწვევს იმას, რომ საქართველო, როგორც აგრესორი და ოკუპანტი სახელმწიფოს ღია მოკავშირე მოხვდება საერთაშორისო სანქციების ქვეშ, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს ისედაც ურთულეს ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას სახელმწიფოში“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.