„სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას გამოაქვეყნა, რამაც პოლიტიკურ წრეებში დიდი დისკუსია გამოიწვია.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ხემძღვანელი ეკა გიგაური აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
“ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ხმების პარალელური დათვლა არის იმ არსებული ოქმების შედეგების პარალელური დაჯამება, რომლებიც უბნებზე დგება და ეს არ ნიშნავს ბიულეტენების სათითაოდ დათვლას. ანუ ISFED-მა პარალელურად დათვალა ის დისბალანსიანი ოქმები, რომელთა შედგენასთან და შემდეგ შესწორებებთან დაკავშირებით ბევრი დღემდე პასუხგაუცემელი კითხვა გაჩნდა საზოგადოებაში და რომლებიც მოგვიანებით თავად ISFED-მაც გაასაჩივრა ჯერ საოლქო კომისიებში და შემდეგ სასამართლოში. ამ საჩივრების უმრავლესობა არ დაკმაყოფილდა ანუ არ გაიხსნა პრობლემური უბნები და არ მოხდა ბიულეტენების გადათვლა მაშინვე, დაუყოვნებლივ. შესაბამისად ISFED-ს შეცდომა რომც არ დაეშვა (რომელიც აუცილებლად აღმოჩენისთანავე უნდა ეთქვათ), ამ მონაცემებზე აპელირება არჩევნების შეფასებისას მგონი არასწორეა. როცა თავისთავად პრობლემურ, დაუბალანსებელ ოქმებს ითვლი, ის რეალურ სურათს მაინც არ მოგცემს. შესაბამისად მე პირადად ამ მონაცემებს არასოდეს ვიყენებდი. თუმცა, ყოველთვის მივუთითებდი დისბალანსზე უბნების 8%-ის შემთხვევაში. მათი ეს მონაცემი დღესაც უცვლელი დარჩა. ცესკოს მონაცემებთან დაკავშირებით პრობლემა ის კი არ იყო, რომ ეს დაუბალანსებელი ოქმები ვერ შეიტანა ბაზაში და ვერ დააჯამა, არამედ პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ დისბალანსიანი ოქმების რაოდენობა იყო საკმაოდ მაღალი, ისინი ჩასწორდა გადათვლის გარეშე და ამაზე პასუხი ჩვენ აქამდე არ მიგვიღია. ჩვენმა ორგანიზაციამ 62 უბნის გადათვლა მოითხოვა საოლქო კომისიებში, აქედან მხოლოდ 3 დაგვიკმაყოფილეს და მათში შეცდომები დაფიქსირდა, მაგალითად, „სტრატეგია აღმაშენებელს 3 ხმა ეწერა 33-ის ნაცვლად, ან ელისაშვილს 42-ის ნაცვლად 2 ეწერა, პატრიოტთა ალიანსს 1 ეწერა 21-ის ნაცვლად. ამიტომ ეს უნდა გვახსოვდეს და დისკუსია არ გადავიტანოთ იმაზე, თითქოს არჩევნები უპრობლემო გვქონდა. ეს არავის უთქვამს, მათ შორის არც ISFED-ს. ეს იყო ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე ცუდი არჩევნები, რაც ქართულმა ოცნებამ ჩაატარა და ამას ადასტურებს წინასაარჩევნო გარემოს დროს დაფიქსირებული დარღვევები, ზეწოლა და მუქარა მოქალაქეებზე და ჟურნალისტებზე, ამომრჩევლების მოსყიდვა, დისბალანსები ოქმებში, უარი გადათვლაზე და ა. შ. კითხვები ყველას ლეგიტიმური აქვს. მეც მაქვს ეს კითხვები, მაგალითად იმასთან დაკავშირებით, თუ როდის გახდა ეს ცნობილი ამ ორგანიზაციისთვის და ასევე, საიდან გაიგო პირველმა ამ პრობლემის შესახებ ოცნებამ? ხომ არ ქონდა ადგილი უკანონო თვალთვალს ან მიყურადებას? ხომ არ შეაღწია ვინმემ ISFED-ის სისტემაში? რაც შეეხება შეცდომას, ის ყველას შეიძლება მოუვიდეს და მისი აღიარება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბევრი ამას არ აკეთებს. ISFED მრავალი წელია ემსახურება საზოგადოებას არა მხოლოდ არჩევნებზე დაკვირვების კუთხით. ჩვენ ვიყავით და ვართ პარტნიორები. მე პირადად მათ წესიერებაში ეჭვი არასოდეს შემპარვია. თუმცა ცხადია ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ კითხვა არსებობს, ის არ უნდა დავუსვათ. რა თქმა უნდა, ეს უნდა გავაკეთოთ, თუმცა ახსნის საშუალებაც მივცეთ და სანამ ყველაფერი არ გაირკვევა, იარლიყები არ მივაკეროთ. დღეს ელენე მედიის კითხვებს პასუხობს და ხვალაც დარწმუნებული ვარ ამას გააგრძელებს. ვფიქრობ, რომ ბევრ საკითხს მოეფინება ნათელი.”
ცნობისთვის, „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას გამოაქვეყნა. მათი ინფორმაციით, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. გასწორების შედეგად, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.
„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაციით, „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” ხმების 47.6% აქვს.