რუსი ოკუპანტის სატელეფონო საუბარი დღეს უკრაინულმა დაზვერვამ მოიპოვა. პუტინის ომის რიგითი მებრძოლი თავის ცოლს უყვება როგორ მიატოვა ხელმძღვანელობამ ჯარისკაცები უკრაინაში და როგორ ძარცვავენ და ანადგურებენ ყველაფერს რაც მათ გზად ხვდებათ, თუნდაც იმიტომ რომ მშივრები არ დაიხოცონ. ბრძოლის ველზე მიტოვებული ოკუპანტი პირდაპირ ამბობს რომ ისინი მშვიდობიან მოსახლეობას ტყვიებს უშენდნენ და ეს ხელმძღვანელობის ბრძანებით ხდებოდა.
კრემლის ავანტიურის ორი კვირის თავზე რუსული არმია გატყდა. შვიდასამდე ტყვედ ჩავარდნილი ოკუპანტი უკრაინელ სამხედროებს ერთი მეორეს მიყოლებით უყვებიან რა დავალებებს იღებდნენ მაღალჩინოსნებისგან და როგორ კლავდნენ დაბომბილი ქალაქების მცხოვრებლებს, მაშინ როცა ისინი სახლებში იმალებოდნენ.
ტყვედ აყვანილებს შორის არიან ე.წ. ვაგნერის დაჯგუფების წევრებიც, რომლებიც კრემლმა კიევში ერთადერთი დავალებით გაუშვა- მოეკლათ ქვეყნის პრეზიდენტი! 15-მდე ასეთი შემთხვევა უსაფრთხოების სამსახურმა გაანეიტრალა.
ომის დაწყებიდან მე-17 დღეს მტერი წინ მხოლოდ ერთი მიმართულებით მიიწევს. ჰერსონი- მარიუპოლი- ვოლნოვახა – ეს სამი ქალაქი ახლა ოკუპაციის ყველაზე ცხელი ზონებია.
მტრის ჯარის ერთი მესამედი უკრაინელებმა უკვე გაანადგურეს – დანაკარგი 12 ათასს აღემატება – ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უცვლელია ომის წარმოების რუსული წესიც. გასულ ღამესაც ათობით ქალაქში ისევ მშვიდობიანი მოსახლეობა დაიბომბა. დარტყმის მთავარი წერტილი დღეს ნიკოლაევი გახდა. ქალაქში მთელი ღამის განმავლობაში რუსული გრადები ისროდნენ. დღის განმავლობაში კი რუსებმა საჰაერო იერიში ისევ საცხოვრებელ კვარტლებზე მიიტანეს.
ოკუპანტები არ მოერიდნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის დაბომბვასაც. რუსებმა დაცხრილეს ის მანქანაც, რომელსაც ჰუმანიტარული დახმარების ტვირთი ბავშვებთან მიჰქონდათ.
სროლის ხმა ისმოდა დღეს სუმშიც. დღის განმავლობაში არაერთი დარტყმა მიიტანეს კონოტოპსა და ვასილკოვოზე. ორივე შემთხვევაში სამიზნე აეროდრომები გახდა.
ამ დრომდე უცნობია სად იმყოფება ქალაქ მელიტოპოლიდან გატაცებული მერი. ივან ფიოდოროვი უკვე მეორე დღეა რუსი ოკუპანტების ტყვეობაშია ჩავარდნილი. მერის გათავისუფლება დღეს საპროტესტო აქციეაზე მოითხოვა ქალაქის მოსახლეობამ.
მძიმე რჩება ვითარება ჩერნობილშიც, რომელსაც ისევ რუსები აკონტროლებენ. დიზელ გენერატორების ავარიულ რეჟიმში მუშაობის შემდეგ დახურული ზონიდან ერთადერთმა ინფორმაციამ გაჟონა- რუსებმა საწვავი მიიტანეს, თუმცა ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო კვლავ შეშფოთებას გამოთქვამს რადიაციული ფონის შესაძლო ცვლილებაზე.
რუსების კონტროლის ქვეშ რჩება ზაპოროჟიეს ატომური სადგურიც. მეტიც, ის დღეს რუსულ კომპანია “როსატომს” დააქვემდებარეს.
რუსული არმია ახლა დამხმარე ძალას ისლამური სახელმწიფოს დაქირავებული ქილერებისგან ელის. თუმცა ჯერ არც უკრაინული გამარჯვებაა ახლოს. დარტყმის მთავარ სამიზნეს ისევ დედაქალაქი რჩება.
ოფიციალური კიევი დასავლელი პარტნიორებისგან ისევ ცის ჩაკეტვას ითხოვს. უკრაინელი ხალხი კი ევროპას ვიდეოს უგზავნის, როგორი იქნებოდა პარიზი იქ რომ რუსები შეჭრილიყვნენ.
მთავარი არხი