“აგარის შაქარი წელს, დაახლოებით, 60-70 ათას ტონა თეთრ შაქარს გადაამუშავებს, ამით ქვეყნის შაქრის მთლიანი მოხმარების ნახევრის უზრუნველყოფა მოხდება”, – ამის შესახებ bm.ge-ს შაქრის მწარმოებელ კომპანია “აგარის შაქარში” განუცხადეს.
როგორც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, 1 აპრილიდან “აგარის შაქარა” კიდევ ერთხელ ამუშავდება. საქმე ის არის, რომ კომპანია ბოლო წლების განმავლობაში, პერიოდულად კონსერვაციის რეჟიმზე გადადის და ახლაც მორიგი კონსერვაციის პირობებში იმყოფება, თუმცა 1 აპრილიდან ამოქმედდება და 31 დეკემბრამდე იმუშავებს.
“ისევე როგორც წინა პერიოდში, ამჯერადაც მთავრობის ხელშეწყობით, ქარხნის მუშაობის განახლება მოხერხდა, რაც საშეღავათო ენერგეტიკული და სატრანსპორტო ტარიფების დაწესებაში გამოიხატება, ამიტომ ჩვენ კონსერვაციას მხოლოდ დროებით გეგმიური სახე აქვს. დღეს რაიმე ფაქტორი, რომ ქარხანა გაჩერდეს და პროდუქცია ვერ გამოუშვას, არ არსებობს. შესაძლოა, ლოგისტიკური პრობლემების გამო, შეფერხება ნედლეულის გრაფიკით მოწოდების გამო გვქონდეს”, – განმარტეს კომპანიაში.
ამასთან,”აგარის შაქარში” ამბობენ, რომ მუშაობის განახლება დაგეგმილი ჰქონდათ და ის რუსეთ-უკრაინის ომს არ უკავშირდება.
“რუსეთ-უკრაინის ომი ჩვენი ქარხნის ფუნქციონირების განახლებასთან არაფერ კავშირში არაა. ქარხნის ამუშავება, ჯერ კიდევ წინა წელს მთავრობასთან შეთანხმდა და მათი ხელშეწყობით წინასწარი გაწერილი გეგმით მიმდინარეობს”, – განაცხადეს “აგარის შაქარში”.
ცნობისთვის: 2017 წლის 1-ელი ნოემბრიდან “აგარის შაქრის” ქარხანამ მუშაობა შეწყვიტა და საერთაშორისო ბაზარზე ნედლეულისა და თეთრი შაქრის ფასების ცვლილების გამო კონსერვაციის რეჟიმში გადავიდა. უმუშევრად დარჩენილი ქარხნის თანამშრომლების საპროტესტო აქციების შემდეგ, ბიზნესომბუდსმენის აპარატის და პროფკავშირების ჩართულობით, სახელმწიფოსთან მიღწეული შეთანხმების შედეგად, 2018 წელს ქარხანა კონსერვაციის რეჟიმიდან გამოვიდა და ივნისში სრული დატვირთვით ამუშავდა, თუმცა დროებით – 31 დეკემბრამდე. ამის შემდეგ შაქრის ადგილობრივი წარმოება გარკვეული ციკლურობით მუშაობს. ქარხანა, დაახლოებით, 500-მდე ადამიანს ასაქმებს.