უკრაინაში ომის ფონზე, საქართველო რუს ოლიგარქს, შალვა ბრეუსს თბილისის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობას გადასცემს.
საუბარია ყოფილ მიხაილოვის საავადმყოფოზე, რომლის მთლიანი ტერიტორია – დაახლოებით 20 ათას კვადრატულ მეტრზე მეტია.
აუქციონზე, რომელიც 18 დღის წინ დასრულდა, შალვა ბრეუსმა ეს ყველაფერი მასზე მორგებული და შეცვლილი პირობებით, 16 მილიონ ლარად შეიძინა.
აღსანიშნავია, რომ ტერიტორია აუქციონზე გასულ წელსაც იყო გამოტანილი და მაშინ ღირებულება 40 მილიონ ლარს შეადგენდა.
“რუსეთის მძიმე აგრესიის ფონზე უკრაინაში, როდესაც მთელი მსოფლიო ასანქცირებს და წყვეტს რუსეთთან ეკონომიკურ კავშირებს, ივანიშვილი და “ქართული ოცნება” კვლავ დაკავდა კორუფციული გარიგებებით რუს ოლიგარქებთან. ამჯერად ვსაუბრობთ მიხაილოვის საავადმყოფოზე, სადაც აუქციონი მთლიანად მორგებული იქნება რუს ოლიგარქ შალვა ბრეუსზე. ის თავის დროზე იყო საქართველოში 9 აპრილის მომწყობი ლებედის მოადგილე, მისი გუბერნატორობისას და ითვლება პუტინის გარემოცვაში მყოფ ადამიანად”, – თქვა ენმ-ის წევრმა, ირაკლი აბესაძემ.
რუსული პრესის ინფორმაციით, შალვა ბრეუსი ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია.