ანნა ნარინსკაია – რუსული ლიტერატურის კრიტიკოსი, ჟურნალისტი და კურატორი. იყო „ბიბისის“ ახალი ამბებისა და დოკუმენტური ფილმების პროდიუსერი, გაზეთ „კომერსანტის“ ლიტერატურული მიმომხილველი, თანამშრომლობდა „ნოვაია გაზეტასთან“ და ტელეკომპანია „დოჟთან“. უკანასკნელ წლებში იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოფენის კურატორი, მათ შორის „200 დარტყმა წუთში“, რომელიც ეძღვნებოდა საწერ მანქანას, როგორც მეოცე საუკუნის მწერლობის მთავარ იარაღს. ამას გარდა, არის იოსიფ ბროდსკის მემორიალური მუზეუმის „ერთნახევარი ოთახი“ კურატორი პეტერბურგში.
ვებ-გვერდი indigo.com.ge -ზე მასთან ინტერვიუ ქვეყნდება , სადაც ის უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრობს და ამბობს, რომ რუსეთმა ვერ მოინელა საბჭოთა კავშირის დაშლა და მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია , მეზობლებს მიწები გამოგლიჯონ.
გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:
” დღეს ეს ყველაფერი დიდ, უპატიებელ სისულელედ მეჩვენება, მაგრამ ნამდვილად არ მიფიქრია, რომ უკრაინის ქალაქები დაიბომბებოდა, რომ მშვიდობიან მოსახლეობას დახოცავდნენ.
რუსეთის ხელისუფლება 1941 წლის პარადიგმაში ცხოვრობს, მათთვის ეს ყველაფერი ცოცხალია – დაბომბვები, ნაღმები, ტანკები მოდიან, – თითქოს ნანახ ფილმებს იმეორებენ. მე კი მეგონა, რომ გაგრძელდებოდა დონბასის ანექსია, უფრო სწორედ, საუბრობენ დამოუკიდებელ დონბასზე, მაგრამ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ იქნებოდა ასეთი სასტიკი ომი და ადამიანებს გაჟლეტდნენ. ამიტომ მიწევს ვაღიარო, რომ ვერ ვაფასებდი სიტუაციას. მეგონა, რომ პუტინი იმუქრებოდა, გვაშინებდა, მაგრამ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ აქამდე მივიდოდით. როცა 24-ში ჩემმა ვაჟმა დილას გამაღვიძა და მითხრა, რომ ხარკოვს ბომბავდნენ, ეს ჩემთვის საშინელი მოულოდნელობა იყო, თუმცა, აი, აღმოჩნდა, რომ ჩვენს დროში შესაძლებელია ევროპის დაბომბვა.
პუტინის ხელისუფლება ორ რამეზე დგას, ერთი, ნაკლებად მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც გადამწყვეტი – პროპაგანდაა. ადამიანებს 20 წლის განმავლობაში უმტკიცებდნენ, რომ დიად რუსეთს პატივს არ სცემენ, მუდმივად ამცირებენ, ჩაგრავენ. და რა არის მათთვის დიადი ქვეყანა? უბრალოდ ტერიტორია. ჩვენ ხომ მშვენივრად გვესმის, რომ ქვეყნის მნიშვნელობას სულაც არ განსაზღვრავს მისი ტერიტორია. მაგალითად, ბრიტანეთმა უარი თქვა დიდ იმპერიაზე, მაგრამ კულტურით, როკ-მუსიკით, „ბიტლზით“ უდიდეს გავლენას ახდენს მსოფლიოზე. ჩვენთან კი ჰგონიათ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავია, მეზობლებს მიწები გამოგლიჯონ. ეს კონსერვატორული, არქაული პარადიგმაა, თითქოს ჩვენ ისევ მე-19 საუკუნეში ჩავრჩით. მაგრამ მთავარი მაინც დიდი წყენაა – საბჭოთა კავშირის დაშლის ვერმონელება, იმასთან ვერშეგუება, რომ ოდესღაც დიდი სახელმწიფო ვიყავით, რომლისაც ყველას ეშინოდა, რომ გვქონდა ატომური ბომბი, რომელიც ახლაც გვაქვს, მაგრამ მაშინ მგონი, უფრო მნიშვნელოვანი იყო.
მინდა პატარა ისტორია მოგიყვეთ – 90-იანების დასაწყისში თარჯიმნად ვმუშაობდი ბიბისის ჟურნალისტებთან. ჩამოდიოდნენ ინგლისელები და აკეთებდნენ სიუჟეტებს იმდროინდელი რუსეთის ყოველდღიურობაზე. ერთხელ კრასნოიარსკში ვიყავით, რაღაც ქარხანაში, რომელიც ადრე რაკეტებს ამზადებდა, შემდეგ ამერიკელების დახმარებით გადააწყვეს და სარეცხის მანქანებს, „ვიატკას“ უშვებდნენ. სანამ რაკეტებს აკეთებდნენ, ადრეულ 90-ანებში, ხელფასიც კი არ ჰქონდათ, მაგრამ ვისაც არ ველაპარაკეთ, ყველა, როგორც ერთი, ამბობდა, – რა საჭიროა სარეცხი მანქანა, ქალები ხომ ისედაც რეცხავდნენ და გარეცხავენ სარეცხს, უკეთესი იყო, რაკეტები გვეკეთებინა და საერთოდ არ გვქონოდა ხელფასი, სამაგიეროდ რაკეტა დიდი იყო, ძლიერი, ბევრს დახოცავდა, სახელმწიფოს ვეხმარებოდითო. ეს პარადიგმა – რომ ოდესღაც დიადი სახელმწიფო ვიყავით და ახლა არავინ გვცემს პატივს, ცხადია, საშინელი და დამანგრეველია.” – აცხადებს ანნა ნარინსკაია.