პენტაგონის სპიკერი, ჯონ კირბი გამოეხმაურა კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის სიტყვებს ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.
ჯონ კირბის თქმით, კრემლის სპიკერი სიტყვები “სახიფათო რიტორიკაა”. მან ასევე აღნიშნა, რომ ასეთი ქცევა შეუსაბამოა ბირთვული სახელმწიფოსთვის.
“პასუხისმგებლიანი ბირთვული ძალა ასე არ უნდა იქცეოდეს”. – თქვა პენტაგონის სპიკერმა.
კირბიმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ აშშ ჯერ ვერ ხედავს საკუთარი ბირთვული მზადყოფნის შეცვლის აუცილებლობას.
“არ შეგვიმჩნევია არაფერი ისეთი, რის შედეგადაც ჩვენი სტრატეგიული შეკავების პოზიციის ცვლილება მოგვიწევდა”. – თქვა ჯონ კირბიმ.
კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა CNN-თან საუბრის დროს ბირთვული იარაღის გამოყენება არ გამორიცხა.
“თუ იარსებებს ეგზისტენციალური საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის, მაშინ, შეიძლება, ის გამოვიყენოთ”. – თქვა პესკოვმა.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ “უკრაინული აგრესიის” მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.