ფესტივალის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილი უკრაინის დასახმარებლად შექმნილ ფონდში გადაირიცხება. ამასთან, Tbilisi Open Air-ზე გაიყიდება უკრაინის თემატიკით შექმნილი პროდუქციაც, საიდან შემოსული თანხაც მთლიანად იმავე ფონდში ჩაირიცხება. გარდა ამისა, შეიქმნება სპეციალური პლატფორმა დონაციისთვის, რომლის საშუალებითაც სტუმრებს უკრაინის დასახმარებლად თანხის გაღება შეეძლებათ:
„2-წლიანი პაუზის შემდეგ ამ სიტყვების თქმა ჩვენთვის განსაკუთრებით ამაღელვებელია, მით უმეტეს, მიმდინარე მოვლენების ფონზე, მაგრამ Tbilisi Open Air ხომ არასდროს ყოფილა მხოლოდ მუსიკალური ფესტივალი. თავისუფლება – სწორედ ესაა ის უმთავრესი იდეა, რომლის გარშემოც ყოველწლიურად ათეულობით ათასი ადამიანი ვიკრიბებით.
სამწუხაროდ, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება დღეს უდიდესი საფრთხის წინაშეა. ამ საფრთხის მიზეზი რუსეთია. ქვეყანა, რომელიც არნახული სისასტიკით ესხმის თავს ჩვენს მოძმე უკრაინას და მასთან ერთად მთელ ცივილიზებულ სამყაროს. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინასა და უკრაინელებს – ამ არაჩვეულებრივ, მებრძოლ და მამაც ხალხს.
უახლოეს დღეებში დავაანონსებთ Tbilisi Open Air 2022-ს. გვსურს, უკრაინელთა დახმარების უმნიშვნელოვანეს საქმეში ჩვენი მოკრძალებული წვლილიც შევიტანოთ“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
netgazeti.ge