“ვინც არ უნდა მოგვიწოდოს, საქართველოს ხელისუფლება მისი გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკიდან გადახვევას არ აპირებს”

“უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა კი არა, ვინც არ უნდა მოგვიწოდოს, საქართველოს ხელისუფლება მისი გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკიდან გადახვევას არ აპირებს. ასე იყო აქამდე და ასე იქნება მომავალშიც” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია სოციალურ ქსელში წერს. ამით ბერაია ეხმაურება უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის განცხადებას, რომლის თანახმადაც “თუ დნესტრისპირეთი და საქართველო დაკავებული იქნებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, ეს აუცილებლად დაგვეხმარება”.

ბერაიას თქმით, არიან სუბიექტები, ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, “საქართველოს ომში ჩასათრევად”.

“სწორედ ამაზე ვსაუბრობდით, რომ არიან სუბიექტები, ქვეყანაშიც და მის ფარგლებს გარეთაც, რომლებიც დაინტერესებული არიან, ცდილობენ და ყველაფერს აკეთებენ საომარი მოქმედებების გეოგრაფიული არეალის გასაფართოვებლად და საქართველოს ომში ჩასათრევად. მოსალოდნელიც იყო, რომ ისინი დიდ ხანს ვერ დამალავდნენ მათ ჩანაფიქრს და ამოცანებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ამის გაჟღერება მოხდა უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის მხრიდან, რაც ჩვენთვის არის მიუღებელი და შოკისმომგვრელი.

უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, დანილოვს კი მეტ წინდახედულობას და რაციონალურობას.

საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები სრულად ეფუძნება ჩვენი ქვეყნის და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებას, მათი უფლებების დაცვას და კეთილდღეობას.. და არასოდეს გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რაც რისკის ქვეშ დააყენებს ამ ყველაფერს”, – წერს ბერაია Facebook-ზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share