უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად ევროპაში ნავთობპროდუქტზე და ბუნებრივ აირზე ფასებმა რეკორდულად მოიმატა. რა გავლენა ექნება ამ ყველაფერს ქართულ ბაზარზე, ამ ეტაპზე ფასები საქართველოში არის ფიქსირებული, ამბობენ შესაბამის უწყებებში.
სემეკი და ეკონომიკის სამინისტრო განმარტავენ, რომ ძირითად იმპორტიორებთან – ესა თურქეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი, ფიქსირებული სოციალური ტარიფებია. ხელშეკრულებები კი 2030 წლამდე გრძელდება და ამ დრომდე გადახედვას არ ითვალისწინებს, ეს იმას ნიშნავს, რომ რიგით მოქალაქეს გაზი და დენის ღირებულება მნიშვნელოვნად არ უნდა გაეზარდოს.
“ელექტროენერგიის ნაწილში, გარდა იმისა, რომ ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი ადგილობრივი გენერაცია, 3 მეზობელი ქვეყნიდან ვიღებთ იმპორტს, როგორც რუსეთიდან ისე თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან.
რომელი ქვეყნიდან როდის რა მოცულობით შემოდის, დამოკიდებულია პირდაპირ ფასებზე. ამ ეტაპზე რაიმე სახის ფასების გაუარესების სიგნალი არ არსებობს, შესაბამისად, ელექტროენერგიის ნაწილში ტარიფზე უარყოფითი გავლენის ფაქტორი არ გვაქვს,” – აცხადებს საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია.