ვლადიმერ პუტინის უკრაინაში წარუმატებელი შეჭრა სისხლისმსმელი, ყაჩაღი გენერლების მიერ იმართება. რუსეთის უმაღლესი მეთაურების წინააღმდეგ სასტიკ ბრალდებებს შეხვდებით, როგორიცაა მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა, მიზანმიმართულად მომიტინგეების მკვლელობა და ა.შ. როგორც გამოჩნდა, პუტინს უკრაინაში ე.წ. ბლიცკრიგი არ გამოუვიდა, რის გამოც რუსეთის არმია სულ უფრო და უფრო სასტიკ ზომებს მიმართავს, მაგალითად, უკრაინის სამხრეთით მდებარე ქალაქ მარიუპოლის თითქმის 90% გაანადგურა, მათ შორის – მიწასთან გაასწორა ქალაქის თეატრი, რომლის სარდაფსაც თავს ბავშვები აფარებდნენ, ასევე – დაბომბა სამშობიაროს შენობა.
სამწუხაროდ, მსგავსი მასშტაბის სისასტიკე მათთვის, ვინც პუტინის ავაზაკების მიერ ბოლო წლებში ჩადენილ ქმედებებს თვალს ადევნებს, გასაკვირი სულაც არ უნდა იყოს. სირიაში სამოქალაქო ომით დაწყებული, ყირიმის სასტიკი ანექსიითა და საკუთარი მოქალაქეების მკვლელობთ დასრულებული, ათწლეულების განმავლობაში პუტინის მაღალჩინოსნებს მთელი მსოფლიო სისასტიკესა და ველურობაში ადანაშაულებდა.
„მარიუპოლის ჯალათად“ მონათლული გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ მიზინცევი ფორმის არასწორად ჩაცმის გამო საკუთარ ჯარისკაცებს ასახიჩრებდა… უკრაინის მხარე ამტკიცებს, რომ სამშობიაროს დაბომბვისა და მარიუპოლის თეატრის განადგურების უკან სწორედ მიზინცევი იდგა. მაგრამ ის მხოლოდ ერთ-ერთია იმ მრავალი რუსი გენერლიდან, რომლებიც ბოლო წლებში სასტიკ დანაშაულებებში არიან ბრალდებულები.
Amnesty International-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი დამნაშავეა ამაზრზენ სამხედრო ქმედებებში, რომლებიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩაიდინეს. სამხედრო თვითმფრინავებით მშვიდობიან მოსახლეობასა და მაშველებს მიზანმიმართულად ბომბავდნენ, იყენებდნენ აკრძალულ იარაღს, როგორიცაა, მაგალითად, კასეტური საარტილერიო ჭურვი (განსაკუთრებით გამოიყენეს ალეპოში, სადაც თითქმის მთლიანი ქალაქი მიწასთან გასწორდა), 2013 წელს დამასკოს ერთ-ერთ გარეუბანში ქიმიური შემცველობის (სარინი) რაკეტები გაისროლეს, ბრალი რუსეთს და სირიას დასდეს, თუმცა ორივე მხარემ ბრალდება უარყო. შემთხვევისას 281-დან 1729-მდე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის – ბავშვებიც…
სწორედ ესენი არიან პუტინის სისხლიანი ჯალათები:
გენერალი სერგეი შოიგუ
რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ რუსეთის მიერ სირიის სამოქალაქო ომში სასტიკ ჩარევასა და 2014 წელს ყირიმის ანექსიაში მონაწილეობდა. 2014 წელს უკრაინამ შოიგუს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და იგი უკრაინაში უკანონო ბაზისა და გასამხედროებული ფორმირების შექმნაში დაადანაშაულა. ეს ჯგუფი უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდა, ასევე, მას ადანაშაულებენ 2014 წლის 17 ივლისს მალაიზიური თვითმფრინავის (MH17) ჩამოგდებაშიც.
მოგვიანებით შოიგუ ხელმძღვანელობდა რუსეთის მიერ დიქტატორ ბაშარ ალ-ასადის დასახმარებლად ჩატარებულ სასტიკ სამხედრო ოპერაციას და არა ერთი სამხედრო დანაშაულიც ჩაიდინა, მათ შორის – კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენება და ჰაერიდან მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა.
გენერალი ვალერი გერასიმოვი
როგორც “გერასიმოვის დოქტრინის” ავტორს, მას მიაწერენ შეიარაღებული კონფლიქტის იმ ახალი ფორმის დანერგვას, რომელსაც “ჰიბრიდული ომი” ეწოდება. ამ მხრივ ის მოწოდებას აკეთებს იმ “ასიმეტრიული მოქმედებების” გაზრდისკენ, როგორიცაა “სპეციალური ოპერაციების ძალები” და “შიდა ოპოზიცია”, ასევე – პროპაგანდა მტრის დესტაბილიზაციისთვის, რომელიც “მუდმივი კონფლიქტის” მდგომარეობას ქმნის.
მეთოდები პირველად 2014 წელს გამოიყენეს, რა დროსაც გერასიმოვმა რუსეთის ყირიმსა და დონბასში შეჭრის გეგმა შეიმუშავა, რის გამოც აშშ-მა, კანადამ და ევროკავშირმა სანქციები დაუწესეს.
როგორც Bellingcat-ი წერს, სწორედ გერასიმოვია პასუხიმსგებელი იმ, ბუკის ტიპის საჰაერო თავდაცვითი სისტემის რაკეტის ტრანსპორტირებაზე, რომელმაც სამგზავრო თვითმფრინავი MH17 ჩამოაგდო („მალაიზიის ავიახაზების“ თვითმფრინავი (რეისი MH17). ეს უკანასკნელი ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში ასრულებდა ფრენას, როცა ის 2014 წლის 17 ივლისს აღმოსავლეთ უკრაინის თავზე ჩამოაგდეს).
უკრაინამ გერასიმოვს დონბასის 2014 წლის კონფლიქტის „მთავარი შემოქმედი“ უწოდა.
გერასიმოვის მიერაა ორგანიზებული რუსეთის სამხედრო ოპერაცია სირიაში, რომელიც 2015 წლის სექტემბერში დაიწყო.
Amnesty International-ის თქმით, რუსული ავიაცია 2016 წლის თებერვალში მშვიდობიან მოსახლეობასა და მაშველებს თავს განზრახ დაესხა. მაშინ რუსეთმა სირიაში შემაძრწუნებელი შეტევა განახორციელა (39 000 საჰაერო თავდასხმა).
გენერალ-პოლკოვნიკი სერგეი რუდსკოი
სერგეი რუდსკოი შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილეა. Human Rights Watch-ის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ, სავარაუდოდ, სწორედ რუდსკოია დამნაშავე 2019-20 წლებში იდლიბზე იერიშის მიტანაში. 2019 წლის 22 ივლისს რუსულმა ძალებმა ქალაქ მარატ ალ-ნუმანში ბაზარზე მიიტანეს იერიში, მე-2 აფეთქებამ კი ორი შენობა ჩამოანგრია. გაეროს ცნობით, თავდასხმამდე ჰმემიმის ბაზა ორმა რუსულმა საჰაერო ხომალდმა დატოვა. გაეროს დამოუკიდებელმა საერთაშორისო საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ თავდასხმის შედეგად 43 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის – სამი გოგონა და ერთი ვაჟი.
2019 წლის 29 ივლისს, რუდსკოიმ განაცხადა, რომ რუსული თვითმფრინავები იმ რეგიონში მაშინ არ დაფრინავდნენ, ასევე, პასუხისმგებლობა მოიხსნა ალ-სახურის საავადმყოფოს დაბომბვაზეც.
გენერალ-პოლკოვნიკი სერგეი სუროვიკინი
2019 წელს, რამდენიმე თვის განმავლობაში, სირიაში რუსული ძალების მეთაური გენერალ-პოლკოვნიკი სერგეი ვლადიმეროვიჩ სუროვიკინი იყო, რომელსაც უკრაინის ქალაქების დაბომბვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება. 1991 წელს საბჭოთა კავშირის დანგრევისგან გადასარჩენად, ახალი მთავრობის წინააღმდეგ გადატრიალების მოწყობისას, ის ერთ-ერთ სამხედრო კოლონას ჩაუდგა სათავეში და მშვიდობიან მოქალაქეებს თავს დაესხა, შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. 1995 წელს სერგეი იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავეს და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა სულ რაღაც 1 წელში გაათავისუფლეს.
გენერალ-პოლკოვნიკი ანდრეი სერდიუკოვი
2019 წლის აპრილიდან იმავე წლის სექტემბრამდე სირიაში რუსული ძალების მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ანდრეი ნიკოლაევიჩ სერდიუკოვი 2014 წელს ყირიმის ანექსიის ხელმძღვანელი იყო.
მოგვიანებით იგი კოდური სახელით – „სედოვ“ დონბასში რუსული ჯარების სარდლად მოგვევლინა, ხოლო 2016 წლის ოქტომბერში – რუსეთის საჰაერი-სადესანტო ჯარების მეთაურად დაინიშნა.
გენერალ-ლეიტენალტი ალექსანდრ ჩაიკო
2019 წლის სექტემბრიდან 2020 წლის სექტემბრამდე ჩაიკო სირიაში რუსეთის შეიარაღებულ ძალებს მეთაურობდა. Amnesty International-მა, ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციამ და გაერომ სირიაში რუსეთის ქმედებები დაგმეს.
უილიამ რობაკი, აშშ-ის ყოფილი ელჩი ბაჰრეინში, ამტკიცებს, რომ სირიაში ინტერვენციამ რუსეთს უკრაინაში მიმდინარე ომისთვის გზა გაუხსნა.
იგი კვლევით ორგანიზაცია The Arab Gulf States Institute in Washington-ისთვის წერდა, რომ რუსმა სამხედროებმა სირიაში “მათი წონითი კატეგორია აწიეს”, რადგან პუტინის სამხედრო მეთაურები “რისკზე წასასვლელად მზად იყვნენ და შესაძლო მსხვერპლს არ უშინდებოდნენ”.
კვირის პალიტრა