სააკაშვილს უკრაინაში ომის მოლოდინი ჰქონდა, მან გამოასწრო უკრაინიდან იმისთვის, რომ საქართველოში არეულობა ყოფილიყო – მამუკა მდინარაძე

“მიხეილ სააკაშვილი არის სისხლის სამართლის დამნაშავე. ის იხდის სასჯელს და ასევე,ბრალდებულია სხვა დანაშაულებზე. ამ ქვეყნის ისტორიას დაღად რომ აწევს, იმ დანაშაულებზეა ის მსჯავრდადებული და ბრალდებული. ის გასამართლდება საქართველოში, ის სასჯელს მოიხდის საქართველოში, ეს საკითხი სხვაგვარად არ განიხილება”,  – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ის, რაზეც ჩვენ თვეების განმავლობაში ვსაუბრობდით, რაზეც თქვენი მედიასაშუალების მხრიდან ირონიული ღიმილიც იყო, რომ თითქოს, ეს შეთქმულების თეორიას ჰგავდა: დღეს ხომ ეს დადასტურდა. მან პროცესზე თქვა, ვიცოდი, ვგრძნობდი, რომ ეს მომენტი დადგებოდა და ეს მომენტი დადგა. რა მომენტზე საუბრობს? რა იცოდა თქვენმა პარტიის ლიდერმა? რისთვის ჩამოდიოდა?

მე დარწმუნებული ვარ, რომ მას ჰქონდა გარკვეული მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს ხდება და მან გამოასწრო უკრაინიდან, გამოასწრო იმისთვის, რომ საქართველოში არეულობა ყოფილიყო. მისი სურვილია, რომ საქართველო ჩაებას ომში. საქართველო არ ერთვება ომში, ჩვენი ქვეყანა არ დაუშვებს თავისი მოქალაქეების დახოცვას და არ დაუშვებს იმას, რომ ამ ქვეყანას მიადგეს გამოუსწორებელი და კატასტროფული ზიანი. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მისი მიზანი იყო და არის, რომ ეს ქვეყანა ჩაერთოს ომში, რაც არ მოხდება“, – განაცხადა მდინარაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share