თბილისში, გრიბოედოვის სახელობის თეატრის მახლობლად, უკრაინის მხარდამჭერი აქცია #SaveMariupol გაიმართა.
აქციის ორგანიზატორი გრიბოედოვის თეატრის მსახიობი ივანე ქურასბედიანია.
აქტივისტების ჯგუფმა თეატრის შენობასთან მდებარე ავტოსადგომზე სანთლებით დაწერეს Дети, #SaveMariupol და ასევე საქართველოს დროშა გამოსახეს.
“დღეს, როდესაც სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს რუსეთის არმიის აბსოლუტურად ყაჩაღური შეჭრა, დუმილი და მით უმეტეს იგნორირება ნამდვილი დანაშაულია. სანამ ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუციები, ჩემი აზრით, მხოლოდ თამაშობენ წუხილს და ქულებს იწერენ, ჩვენი ხალხი მხარს უჭერს უკრაინელებს ყველგან: ქუჩაში, საცხოვრებელი სახლების აივნებზე, თეატრებში, სტადიონებზე, საგანმანათლებლო სივრცეებში, ბარებში, ღამის კლუბებში, სოფლებში, ტრასებზე და ა.შ. გრიბოედოვის თეატრს არაერთი გასტროლი ჰქონდა უკრაინაში. ძალიან კარგად ვიცნობ ამ ხალხს, იქ ბევრი მეგობარი მყავს, ბებიაჩემი უკრაინელია, მამაჩემი დაიბადა და ბავშვობის წლები გაატარა სუმის ოლქში. უკრაინა დაუმარცხებელია! დიდება უკრაინას! დიდება გმირებს”! – ამბობს აქციის ორგანიზატორი ივანე ქურასბედიანი.
დაბომბილი და განადგურებული მარიუპოლის თეატრი წარწერით Дети, რუსეთის ჯარის დაუნდობლობისა და შეუმწყნარებლობის სიმბოლო გახდა. თეატრის ნანგრევებში 300-დე ადამიანი დაიღუპა. დღევანდელი მონაცემებით მარიუპოლში 5000 ადამიანი დაიღუპა, აქედან 210 ბავშვი.
ქალაქი დატოვა 140 000 ადამიანმა. უკრაინული მხარის თქმით მარიუპოლში 160 000 ადამიანი რჩება. მათ არ აქვთ ქალაქის დატოვების საშუალება, ზოგიერთ მათგანს ოკუპანტები ძალდატანებით ხიზნავენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
აქციის ორგანიზებაში მსახიობს მეგობრები ვახტანგ ჩიკვაიძე, კოტე კალანდაძე, გიორგი სალუქვაძე, ირაკლი ბედუკაძე, ნინა კალატოზი, ვიქტორ პოგოსოვი და დათო ალანია დაეხმარნენ.
მსგავსი აქცია-პერფორმანსი პირველად პრაღაში გაიმართა.