გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალებმა ჩრდილოეთ უკრაინა სრულად დატოვეს და ჩრდილოეთით, ბელარუსისკენ გადავიდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ქვედანაყოფთა ნაწილი დონბასში საბრძოლველად, აღმოსავლეთ უკრაინაში გადაანაწილეს.
“ჩრდილოეთ უკრაინიდან ქვედანაყოფების გადანაწილებას, სავარაუდოდ, ერთი კვირა მაინც დასჭირდება”. – წერს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო Twitter-ზე.
ამასთან ერთან, რუსეთის სამხედრო ჯარები განაგრძობენ ქალაქ იზიუმიდან სამხრეთით დაწინაურებას.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ “უკრაინული აგრესიის” მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.