პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, რელიგიურ ორგანიზაციებს დაფინანსება გაეზარდათ. მთავრობის ცნობით, რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით, 2022 წლამდე არსებულ 4,5 მლნ ლარს, 1 მლნ ლარი დაემატა.
“საქართველოს მთავრობამ რელიგიური ორგანიზაციებისთვის დაფინანსების გაზრდისას რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხით იხელმძღვანელა, მათ შორის რელიგიური ორგანიზაციების მრევლის, სასულიერო პირებისა და საკულტო შენობა-ნაგებობების რაოდენობით და გადაწყვეტილება რელიგიის სააგენტოსა და რელიგიურ გაერთიანებებთან კონსულტაციების შედეგად მიიღო”, – წერია განცხადებაში.
მთავრობის ცნობით, 1 მილიონი ლარი სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა და მას რელიგიურ ორგანიზაციებს შორის რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გაანაწილებს.