სოფელ შრომის კულტურის სახლის რეაბილიტაცია იწყება

კულტურის სამინისტროს ინიციატივით, სოფელ შრომის კულტურის სახლის რეაბილიტაცია იწყება
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მდებარე მძიმე მდგომარეობაში მყოფი კულტურის სახლის რეაბილიტაციის მიზნით, პროექტი მომზადდება. შრომის კულტურის სახლი საქართველოში შემორჩენილ კულტურის სახლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია თავისი ინფრასტრუქტურით და მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.
შესაბამისი ტენდერი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უკვე გამოაცხადა. რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 140 000 ლარს შეადგენს. საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ, შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მოხდება ფასადებისა და შიდა სივრცეების რეაბილიტაცია-გაწმენდა, გამაგრება, აღდგენა, რესტავრაცია, ღობის რეაბილიტაცია, ასევე, ტერიტორიის კეთილმოწყობა.
რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავების პროცესში გათვალისწინებული იქნება შენობის ავთენტურობის შენარჩუნება და შშმ პირებისათვის ადაპტირებული გარემოს შექმნა.
აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის კულტურის სახლის რეაბილიტაცია 2021 წლის ოქტომბერში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ვიზიტისას, მძიმე მდგომარეობაში მყოფი კულტურის სახლების მონახულების შემდეგ გადაწყდა. გურიაში ვიზიტის დროს მინისტრმა განუცხადა ადგილობრივ მოსახლეობას, რომ სოფელ შრომის კულტურის სახლს აღადგენდა. რეაბილიტაციის პროექტის შექმნა ამ დაპირების შესრულებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.
როგორც ცნობილია, კულტურის სახლის შენობა წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. ამიტომ რეაბილიტაციის შედეგად სრულად იქნება შენარჩუნებული/აღდგენილი მისი ისტორიული იერსახე, შენობის ექსტერიერსა თუ ინტერიერში შემორჩენილი ყველა არქიტექტურული ელემენტი და მხატვრული დეკორი.
ინფორმაციისთვის, სოფელ შრომის კულტურის სახლი გამორჩეული არქიტექტურული შენობაა, რომელიც 1956 წელს აშენდა. შენობა დეკორატიული ელემენტებით შემკული ფასადებით ხასიათდება. მხატვრული ელემენტების სიმდიდრით გამოირჩევა კულტურის სახლის დარბაზი, მასშტაბურია სოც-რეალიზმის სტილში შესრულებული პლაფონის ცენტრალური მხატვრული კომპოზიცია, რომელიც ასახავს ცის ფონზე წარმოდგენილი გურული გლეხების ყოფით სცენებს.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share