გურიის მოძრაობის დასაწყის 1902 წელს მიქელ-გაბრიელში შეკრებილმა ხუთასზე მეტმა გურულმა ქუთაისის გუბერნატორ სმაგინს შვიდი ძირითადი მოთხოვნა წაუყენა, მაგალითად ისეთი როგორიცაა – ყველა ფენისა და წოდების ადამიანის გათანაბრება კანონის წინაშე. მოთხოვნებს შორის ასევე გახლდათ აქციზის გადასახადის გაუქმება არაყისა და სპირტის წარმოებაზე. ხსენებული ალბათ საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ იმ დროისათვის გურიაში 200-300-დე რეგისტრირებული არყის სახდელი საწარმო იყო რეგისტრირებული და არყის წარმოება გურიის მეურნეობის ერთერთი ძირითადი დარგი გახლდათ.
.
კონსტანტინე გვარამაძის მიხედვით 1901 წელს გურიიდან 60 ათასი მანეთის ღირებულების დაახლოებით 200 000 ლიტრი არაყი გაიტანეს გასაყიდად. ზაქარია ჭიჭინაძე წერს – „გურიაში ძველადგან უმეტესად სიმინდის არყის ხდას მისდევდენ. თითქოს ჭაჭის ხმარება და მის არყის გამოხდა მათ არ სცოდნიათ. ოზურგეთს და დუაბზუს პირველად კარგი არყის დიდი ქარხანა გაუხსნია ალექსანდრე თუმანიშვილს და ამ ქარხნის საშუალებით უფრო საფუძველიანათ მოფენილა გურიაში არყის ხდის ხელოსნობა ხელოვნურად“.
.
არაყსა და სპირტს გურიაში ასევე ხდიდნენ ღვინისა და ჭაჭისაგან, გაზეთ ივერიაში (1897 წელი #164) გამოქვეყნებულია ინფორმაცია ლიხაურში ედიშერ სალუქვაძის ქარხანის შესახებ – „ლეხაური: გურიაში დიდი ხანია, რაც აქაური ვენახები ამოვარდა. იმათ მაგიერ ახლა, იზაბელას ვენახების გაშენებას მიჰყვეს ხელი და მრავლადაც გააშენეს. ამ ვენახების ღვინოს ადესის ღვინოს ეძახიან, მაგრამ ღირსებით დიდი არაფერი ღვინოა. იანვრამდე კიდევ ვარგობს და მერე ფუჭდება, ისე, რომ ხშირად გადაღვრიან ხოლმე. ფუთი ოზურგეთში ათ შაურად ისყიდება. სოფელში ხომ ათ შაურათ ორ ფუთსაც იყიდით.
.
ამ გარემოებაში სწორედ ღვთის წყალობაა დაარსება არყის ქარხნისა სოფელ ლეხაურში ბ-ნ ედიშერ სალუქვაძის მიერ, რომელიც კარგ ფასად ჰყიდულობს ჭაჭა-თხლეს, ღვინოს და ყურძენს და ხდის არაყს. ოქტომრიდამ დაიწყო ხდა და ურიგო არაყს არა ჰხდის. ამ ჟამად სალუქვას ბლომად აქვს გამოხდილი არაყი და კიდევ ბლომად ამზადებს მასალას არყის სახდელად. ყოველ-დღე მიდიან მასთან ახლო-მახლო სოფლებიდან მიქავთ ურმით ჭაჭა-თხლე და ღვინო, რომელსაც ხსენებული მექარხნე კარგ ფასად ყიდულობს“.
.
წყარო
– Очерки революционного движения в Гурии – Варл. Каландадзе и Вл. Мхеидзе. (1906 г.)
– ზაქარია ჭიჭინაძე – ქართველ კათოლიკეთა ვაჭრობა (1905 წელი)
– გაზეთი ივერია 1897 წელი #164
– ფოტო ჯულიეტა რუხაძის წიგნიდან – არყის სახდელი გურიაში
მოამზადა კახა ჩავლიშვილმა.