ინდოეთი მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ძირითადი მიმწოდებელი ხდება – იყიდის თუ არა საქართველო ინდურ ხორბალს

ინდოეთი მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ძირითადი მიმწოდებელი ხდება. ინდოეთის საწყობები მარცვლეულით სავსეა და ქვეყნის ფერმერები კიდევ ერთი რეკორდული მოსავლისთვის ემზადებიან. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ლევან სილაგავა „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ საქართველო ინდურ ხორბალს არ შეისყიდის, თუმცა ბაზარზე ამ ქვეყნის გამოჩენა ჩვენთვისაც დადებით როლს შეასრულებს. ახალი მოთამაშე, ხელს შეუწყობს ფასების სტაბილიზაციას მსოფლიო ბაზარზე.

„ინდოეთი ჯერ არ განიხილება ჩვენთვის, იმიტომ, რომ ჩვენი ლოგისტიკა სხვანაირია. ჩვენთვის ეს არ არის ხელსაყრელი. უბრალოდ, ეს კარგია იმით, რომ მსოფლიო ბაზარზე ჩაერთვება მთავარ მოთამაშედ ინდოეთი და მიწოდებები იქნება სხვადასხვა ქვეყნებში: თურქეთი, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკის ქვეყნები და შუა აზიის ქვეყნები და ეს მოხსნის წნეხს მსოფლიო ბაზრის ფასებზე. ჩვენ საიდანაც წამოვიღებთ, იქნება ყაზახეთი, თუ რუმინეთი, უფრო სტაბილური ფასით წამოვიღებთ. ეს ნიშნავს, რომ ბირჟებზე ფასები დასტაბილურდება. მიწოდება რომელიც უკრაინა-რუსეთის გამო შემცირებულია, რაღაც დოზით დაბალანსდება ინდოეთის მიერ“, – განაცხადა სილაგავამ.

მისი თქმით, ინდური ხორბლის ხარისხი შედარებით დაბალია, ვიდრე დღეს არსებული სტანდარტი. ამიტომ, რიგი ქვეყნების მხრიდან მისი შეძენა, მხოლოდ არსებული რეალობიდან გამომდინარე ხდება.

„მეორე საკითხია ხარისხი. ინდური ხორბლის ხარისხი არ გამოირჩევა მაღალი კონულსიებით. გამომდინარე იქედან, რომ თვითონ ინდოეთში არის სეზონური წვიმები. გარდა ამისა, შესანახი მეურნეობები არ აქვთ შესაბამისი ტექნოლოგიური დონის. ქვეყნები კი, რომლებიც მათგან შეიძენენ ხორბალს, ფაქტობრივად, სტანდარტს დაბლა წევენ. ეს არ ნიშნავს, რომ სტანდარტი იქნება ისეთი, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას ვნებს, თუმცა არსებულ სტანდარტზე ოდნავ დაბალი არის კრიტერიუმები, ეს არის გაჭირვების გამო, რომელიც მსოფლიოს აქვს. ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ ინდოეთიდან არ შემოვიტანთ, მაგრამ ჩვენთვისაც კარგია ინდური ბაზრის შემოსვლა და დომინირება. მთლიანად არა, მაგრამ გარკვეულწილად მოხსნის წნეხს.

ყველაზე კარგი ისაა, რომ ივლისიდან მცირე თუმცა ჩვენთან მოსავალი იქნება. ეს გარკვეულ სტაბილურობას მოგვიტანს და იმედია, რომ გარკვეულ პერიოდში უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობა თუ ვერ მიიღწევა, შეთანხმება მაინც მოხდება პორტების ამუშავებაზე. ეს ორივე ქვეყნის ინტერესშია“, – ამბობს ლევან სილაგავა.

ინფორმაციისთვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ხორბლის საორიენტაციო ფასი მიმდინარე თვეს ჩიკაგოში ბუშელზე 13,635 დოლარამდე გაიზარდა, მაშინ, როცა წინა 5 წლის განმავლობაში, ომის დაწყების დღემდე ბუშელი მხოლოდ 5,50 დოლარი ღირდა.

bpn.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share