“ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული – გზად და ხიდად” – უკრაინის რადის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს შოთა რუსთაველის აფორიზმით უპასუხა.
რუსლან სტეფანჩუკი პაპუაშვილის მიერ ბუჩაში მიწვევის “არასათანადოდ” მოხსენიებას გამოეხმაურა.
“არის თუ არა სათანადო, რომ “არასათანადო” უწოდო მიწვევას, ჩამოხვიდე მეგობარ ქვეყანაში და ნახო მისი გაჭირვება, გაიზიარო მისი მწუხარება, გამოხატო მხარდაჭერა სიტყვებით? მეჩვენება, რომ მეგობარმა ეს მოწვევის გარეშე უნდა უნდა გააკეთოს”. – წერს სტეფანჩუკი.
8 აპრილს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა, ანდრი კასიანოვმა თქვა, რომ ბუჩის დანაშაულების შესაფასებლად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს უკრაინამ მოწვევა გაუგზავნა.
იმავე დღეს შალვა პაპუაშვილმა “განმარტების გარეშე” ბუჩაში ოფიციალურ მიწვევას “არასათანადო” უწოდა.
რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ – მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ “უკრაინული აგრესიის” მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.