”არსებობს არგუმენტები (ზეპირი გადმოცემა) იმის სასარგებლოდ, თუ რატომ წაიყვანეს მაინცდამაინც გუ¬რულები ამერიკაში და არა მეგრელები, ან იმერლები, ან კავ¬კასიელ ხალხთა სხვა წარმომადგენლები: ეს ცხენოსანთა პირ-ველი ლიდერის ივანე როსტომის ძე მახარაძის ,,მათრახას” ისტორიაა.
ივანე მახარაძე ცხოვრობდა ოზურგეთის მაზრის სოფელ ქვედა ბახვში, მას ჰყავდა სამი ძმა: სილიბისტრო, პავლე და ალექსანდრე. ერთ დღეს ბავშვობიდან ცხენოსნობაზე შეყვარებული 14 წლის ივანე მამამისმა თავისი საყვარელი ცხენით ბახმაროში გაგზავნა. ივანე ცხენს გაუჩერებლივ მიაჭენებდა, ბახმაროს გზაზე, ბაისურთან, წყლის დასალევად ჩამოხტა, უყურადღებოდ მიტოვებული ცხენი წყაროს ცივ წყალს დაეწაფა და მოკვდა. ივანემ ცხენს უნაგირი მოხსნა და შინ დაბრუნდა. განრისხებულმა როსტომმა: გაოფლიანებულ ცხენს წყალი როგორ დაალევინეო, შვილს სილა გააწნა. ივანემ ეს შეურაცხყოფად მიიღო, შინიდან გაიქცა და ბათუმში ამოყო თავი. ეს იყო დაახლოებით 1880 წელი, მაშინ ბათუმი გამოცხადებული იყო უცხოური საქონლის უბაჟოდ შეტანა-გამოტანის უფლების მქონე ნავსადგურად, ანუ პორტო-ფრანკოდ. პორტში ივანემ გაიცნო ორი რაჭველი მეზღვაური, რომლებიც ცეცხლ¬ფარეშებად მუშაობდნენ ერთ-ერთ გემზე. რაჭ-ველებმა 14 წლის ბიჭი გემის კაპიტანთან მიიყვანეს, რომელსაც მოსწონებია ტანმორჩილი, მაგრამ მკვირცხლი ყმაწვილი და ცეცხლფარეშად აუყვანია. მეორე დღეს გემი ნავსადგურიდან გავიდა და დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ნიუ იორკის პორტში შევიდა. მძიმე ფიზიკური შრომით განაწამებმა ივანემ უარი სთქვა სამსახურზე და ვიღაც პურისმცხობელ რაჭველთან მოეწყო. ცოტა ხანში, როცა ცოტაოდენი ინგლისური შეისწავლა, ივანე რაჭველს გამოექცა და ნიუ იორკის ერთ ცირკში დაიწყო მუშაობა დამლაგებლად. იქვე მომუშავე არაბმა მოჯირითემ ყურადღება მიაქცია ცხენების მოტრფიალე ბიჭს და ცხენების მომვლელად აიყვანა. ივანე თავდაუზოგავად მუშაობდა, კაპიკს კაპიკზე ადებდა, შეაგროვა გარკვეული თანხა და ცხენი შეიძინა. არაბმა ქართველ ყმაწვილს თავის ატრაქციონში ერთი ნომერი დაუთმო: ქართულ ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი ივანე მანეჟში დაგდებულ მონეტებს გაჭენებული ცხენიდან იღებდა. მის ნომერს წარმატება ხვდა წილად, მან მეორე ცხენიც იყიდა, არაბს გამოეყო და დამოუკიდებლად დაიწყო მოღვაწეობა. მოკლე ხანში მოზრდილი თანხა შეაგროვა, მშობლებს წერილი მისწერა, თავისი ადგილსამყოფელი გააგებინა. 1885 წელს ივანე მახარაძე სამშობლოში დაბრუნდა. რამდენიმე წელში კი თომას ოლივერი ესტუმრა გურიას ცხენოსნების წასაყვანად. როგორც ზევით აღვნიშნე, არ არის გამორიცხული რომ ოლივერს გაგონილი ჰქონდა ,,მათრახა” ივანეს ამერიკული ოდისეის ამბავი და ამდენად, მშვენივრად იცოდა ვისთანაც მიდიოდა (როგორც ზემოთ აღვნიშნე, ივანეს ამერიკული თავგადასავალი მხოლოდ ზეპირ გადმოცემას ეყრდნობა და მისი იქ ყოფნის რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტური მასალა არ არსებობს).”
ირაკლი მახარაძე