არის თუ არა გენოციდი ის, რასაც რუსეთი უკრაინაში აკეთებს? – ამ კითხვაზე “ქართული ოცნების” დეპუტატებს პასუხი არ აქვთ. ისინი აგრესორის ქმედებებს უწოდებენ “კატასტროფას”, “საშინელებას”, მაგრამ თავს იკავებენ სიტყვა “გენოციდის” ხსენებისგან.
ამბობენ, რომ გადაწყვეტილება ჰააგას საერთაშორისო სასამართლომ უნდა გამოიტანოს, რომლისთვისაც საქართველოსაც აქვს მიმართული.
“ყველაფერი შეიძლება დაარქვა” – ამბობს ოცნების დეპუტატი შოთა ხაბარელი, თუმცა კითხვაზე, უნდა აგოს თუ არა პასუხი პუტინმა? პასუხობს, რომ “ეს ჩვენი გადასაწყვეტი არაა და კომპეტენტური ორგანოები გადაწყვეტენ”.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე კობახიძე კი გენოციდთან დაკავშირებით, საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონის განცხადებას იშველიებს, რომელმაც გენოციდის ხსენებისთვის, ბაიდენი გააკრიტიკა.
უკრაინის რადა რუსეთის მიერ უკრაინაში მოწყობილ გენოციდს, ოფიციალურად დააკანონებს. პარლამენტში უკვე შეტანილია კანონპროექტი, რომელიც უკრაინელი ხალხის გენოციდის აღიარებას ეხება;