37 გვერდი და 367 საკითხი – ევროკავშირის კითხვარი გასაჯაროვდა

სასამართლო დამოუკიდებლობა, უმცირესობების უფლებები, მედიის  თავისუფლება – ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელზეც საქართველოს ხელისუფლებამ ბრიუსელს ინფორმაცია მიაწოდოს, თუ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება სურს.

დღეს ევროკავშირის კითხვარი გასაჯაროვდა, რომელიც 37 გვერდსა და 367 კითხვას შეიცავს. კითხვარის გასაჯაროვებას ოპოზიცია დაჟინებით ითხოვდა, რის გამოც ევროკავშირს სპეციალური წერილითაც მიმართა.

საქართველოს მთავრობას ამიერიდან მოუწევს განმარტოს, არის თუ არა დაცული სასამართლოსა და პროკურატურის დამოუკიდებლობა, სექსუალური და რელიგიური უმცირესობების უფლებები, გამოხატვისა და მედიის თავისუფლება, როგორ ებრძვის ცილისწამებას და ასევე ეკონომიკასთან დაკავშირებული საკითხები. ბრიუსელი მოითხოვს განმარტებებს ყველა იმ პრობლემურ საკითხზე, რომელიც ,,ქართული ოცნების” მმართველობის დროს აქილევსის ქუსლად იქცა.

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა ეს ერთ-ერთი ძირითადი თემაა, რომელზე განმარტებებსაც საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირი თავის შემადგენლობაში გაწევრიანების სანაცვლოდ სთხოვს.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მზად არიან, კითხვარის შევსება გამჭვირვალედ გახადონ და თქვან, რა პასუხები იგზავნება ბრიუსელში.

ხელისუფლებას კითხვარის შესავსებად ერთთვიანი ვადა აქვს, ევროკომისია კი საკუთარ დასკვნას მიღებულ პასუხებზე სავარაუდოდ ივნისის ბოლოს გამოაცხადებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share