“რუსეთში „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა – სახელმწიფო ალანიად“, ცალკე სუბიექტად გავწევრიანდებით”

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთში გაერთიანების შესახებ რეფერენდუმის მხარდასაჭერად უკვე სამი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და გრძელდება. სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.

როგორც ბიბილოვმა განაცხადა, „რეფერენდუმი იქნება“.

„ყველაზე მთავარია, რომ ხალხის ეს გადაწყვეტილება გვარწმუნებს ჩვენი მოსახლეობის მომავალში და არა მხოლოდ ამაში. ეს აძლევს თავდაჯერებულობას რუსულ სამყაროს, ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებს, რომლებიც ამას ელოდებიან. დღეს ჩვენ მოწმენი ვართ, რომ ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება ამ რესპუბლიკების აღიარების შესახებ აბსოლუტურად მართებული იყო. ის ქმედებები, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ იმისთვის, რომ ჩვენი ხალხი იყოს კარგად, მნიშვნელოვანია რუსეთისთვისაც, როდესაც სხვები ზურგს აქცევენ, ჩვენ მივდივართ {მასთან}, რადგან ეს ჩვენი სამყაროა. რუსეთი – ჩვენი ისტორიული სამშობლოა და ჩვენ ეს არ უნდა დავივიწყოთ“, – განაცხადა ბიბილოვმა.

მანვე აღნიშნა, რომ მომავალშიც იბრძოლებს „რესპუბლიკისთვის“.

„მე ვცხოვრობ ჩემი ხალხით და ის არასოდეს მომიტყუებია“, – აღნიშნა ე.წ. პრეზიდენტმა.

მისი თქმით, „სამხრეთ ოსეთი“, საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, რუსეთში გაწევრიანდება როგორც „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა – სახელმწიფო ალანია“ რუსეთის ცალკე სუბიექტი.

„ხალხს უნდა გავაგებინოთ, რა იქნება ასეთ შემთხვევაში, რა გველის მომავალში, არჩევანი კი ხალხს ეკუთვნის. მთავარია ხალხმა იცოდეს სიმართლე. დღეს ორი იდეოლოგია გამოდის წინა ხაზზე. პირველი – ეს არის კანონი და ხალხის მისწრაფება შევიდეს რუსეთის შემადგენლობაში. მეორე იდეოლოგია – ეს არის დანაშაულებრივი იდეოლოგია, როდესაც დანაშაულებრივ ელემენტებს სურთ ხელისუფლებაში მოსვლა. აქედან გამომდინარე, ჩვენ არჩევანი უნდა გავაკეთოთ“ , – აღნიშნა ბიბილოვა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share