“ზოგიერთ ადგილას ქალები ტყეში დამალვას ცდილობდნენ, მაგრამ იქაც მწარე ბედი ეწეოდათ…” – მაზრის უფროსის – კეღამოვის ბრძანებით და წაქეზებით, სამეგრელოში არ ინდობდნენ არც ბავშვებს, არც მოხუც ქალებს და მონაზვნებს. ის, თურმე, იკვეხნიდა, ერთი წლის შემდეგ პატარა ,,კაზაკები” ირბენენ სამეგრელოს სოფლებშიო. სოფელ მუხურის დარბევის შემდეგ კი განაცხადა – მანჯურიის აღება ხიშტებით ხდება, ხოლო მუხური სასქესო ორგანოთი ავიღეო…” – კინორეჟისორი, მკვლევარი ირაკლი მახარაძე საქართველოში მომხდარ გამაოგნებელ სისასტიკეებზე “კვირის პალიტრასთან” საუბრობს:
”1903 წლის აგვისტოში ხელისუფლებამ, მთავარმართებელ გრიგოლ გოლიცინის ბრძანებით, გურიის ყველა სოფლის საზოგადოებაში ეგზეკუცია ჩააყენა. გუბერნატორი სმაგინი კიდევ ერთხელ ეწვია გურიას, ამჟამად – ჯარისკაცებისა და კაზაკების თანხლებით. ამას მოჰყვა რეპრესიები, რომელიც სოფელ მიქელგაბრიელიდან დაიწყო. გახშირდა ჩხრეკა, დაპატიმრება, ციხეები პატიმრებით გაივსო. აპატიმრებდნენ პირადი დასმენით, ე.წ. ,,ბლუზისა” და ,,პიჯაკის” ჩაცმისათვის (რაც რევოლუციონერების ჩაცმულობად აღიქმებოდა), ,,სოციალური და ეკონომიკური შინაარსის” წიგნების კითხვისთვის, სოციალ-დემოკრატიული და ასევე, ლევ ტოლსტოის იდეების პროპაგანდისათვის.
დაახლოებით, 200-ზე მეტი ადამიანი საპატიმროებში მოხვდა. დაპატიმრებულებს, როგორც ნახირს, მათრახის ცემით და ლანძღვა-გინებით მიერეკებოდნენ ოზურგეთის ციხეში, იქიდან კი ქუთაისსა და ბათუმში გადაჰყავდათ. კაზაკები გლეხთა კარ-მიდამოს ანადგურებდნენ, ართმევდნენ საბნებსა და ლეიბებს, ღომის მოსახარშ ქვაბებს, ქალებს თითებიდან ბეჭდებს აძრობდნენ, აუპატიურებდნენ. წლების განმავლობაში, ეგზეკუციების დროს, მთელი საქართველოს მასშტაბით ქალებზე ძალადობის შემთხვევები ძალიან ხშირი ყოფილა.
1905 წელს საქართველოში, მათ შორის – გურიაში, მოგზაურობდა ამერიკელი მწერალი და ჟურნალისტი ერნესტ პული. ლანჩხუთის რაიონში ის ერთ ადგილობრივ ექიმს შეხვდა, რომელმაც აუწყა, რომ ლამის ყოველ ღამე, მასთან ახალგაზრდა გოგონები ამოჰყავთ, რომელთაც გაუპატიურების გამო სისხლდენა აქვთ. მან, ასევე, მოუყვა ამბავს, თუ როგორ იძალადა ოცმა კაზაკმა ერთ გოგონაზე, რომელიც მომდევნო დღეს გარდაიცვალა. ,,ისინი ადამიანები კი არა, ეშმაკები არიან!” – ამბობდა ექიმი. ყველაფერს საზღვარი აქვს და გლეხებსაც ევსებოდათ მოთმინების ფიალა – ერთხელ, სოფელ აკეთში ერთმა კაზაკმა მოინდომა ქალის გაუპატიურება, მაგრამ გლეხებმა ის წალდებით დაჩეხეს. შედეგად, კრილოვის ბრძანებით სოფელი ლამის მიწასთან გაასწორეს.
გლეხებს ძალდატანებით ახდევინებდნენ გადასახადებს, ვინც უარს იტყოდა, სახლებს და ქონებას უწვავდნენ. გუბერნატორ სმაგინის ბრძანებით დაპატიმრებულებს 4-5 დღით კანცელარიის შენობაში ტოვებდნენ, რათა ეიძულებინათ, გაეთქვათ ,,ბუნტისთავების” სახელები, მაგრამ ვერც გამათრახებამ, ვერც ეგზეკუციებმა და ვერც სხვა ზომებმა მთავრობისთვის სასურველი შედეგი ვერ მოიტანა. გუბერნიის ციხეები აივსო უდანაშაულო გლეხებით, ამან კი სულ მალე მთავრობისთვის უკუშედეგი გამოიღო: ციხეში გლეხებთან ერთად პროფესიონალი რევოლუციონერებიც ისხდნენ, რომლებმაც არ დააყოვნეს თავიანთი იდეების პროპაგანდა-აგიტაცია და ციხეებს გლეხები უკვე მშვენივრად მომზადებულ პროპაგანდისტებად ტოვებდნენ.
მსგავსი ქმედება რუსების მხრიდან ჩვეულებრივი ამბავი იყო. მათ არასოდეს იცოდნენ მტრის და მოყვრის გარჩევა. რუსეთ-თურქეთის 1877-78 წლების ომის დროს, როცა რუსების მხარდამხარ ქართველებიც იბრძოდნენ, გურიაში კი ქრისტიანების გამარჯვებისათვის ლოცულობდნენ, თავად ,,ერთმორწმუნე ქრისტიანი” რუსები ათას უმსგავსობას სჩადიოდნენ.
,,მეზობლისას კივილი შეიქნა. რუსებს ბუდეებზე კვერცხი აეკრიფათ, ღვინო ჩექმით ჭურიდან ამოეღოთ – დაელიათ. ეზოდან ქალები ტყეში გაქცეულიყვნენ. საკერავი და მაკრატელი ჯარისკაცებს წაეღოთ. დედაჩემი გაკვირვებული იყო”, – იგონებდა ვლასა მგელაძე, – ,,ეს რა ხალხია? გულზე ჯვარი ჰკიდიათ, თათარს ეჩხუბება და ღვინო-ზიარებას ჩექმით სვამსო. სახლში აგენს არც დაი ჰყავს, არც რძალი, არც დედა, რომ ასე უზრდელებია?”… სახლებში მხოლოდ მოხუცები დარჩნენ, ხიფათს რომ აცილებულიყვნენ, ახალგაზრდა ქალები და ბავშვები მეზობელ სოფლებში გაიხიზნნენ. წერდა ვლასა მგელაძე.”