ოზურგეთი – 1871 წელი
.
ბახვის უღელტეხილის ყველაზე მაღალ ადგილზე ასვლისას თქვენს წინ იშლება ოზურგეთის ვიწრო ხეობის სრული ხედი. თქვენი თვალი ეძებს ქალაქ ოზურგეთს, მაგრამ თქვენს წინ მასიური უღრანი ტყეა, აქა-იქ ხედავთ მაღალ ხის სვეტებზე აკიდულ ჩალას. არც ერთი სახლის თავი არ მოსჩანს სიმწვანის ზღვიდან და თქვენ გეუფლებათ განცდა იმისა, რომ თქვენს წინ დაუსახლებელი და უდაბნო ადგილია.
.
სახლები სიმწვანეში ისეა ჩაფლული, რომ ოც ნაბიჯზე მიახლოვებამდე მათი დანახვა შეუძლებელია. ქალაქამდე ერთი ვერსტი დარჩა ის კი არ ჩანს, ამ დროს ისეთი განცდა გეუფლებათ თითქოს იგი პირდაპირ თქვენს წინ მიწის ზედაპირიდან წამოიმართება, რათა დაადასტურის თავისი არსებობა. მართლაც იგი თხმელის შავი ტყითაა დაფარული, რომლის თხელი და სველი ტოტები არ გაძლევთ მისი დანახვის საშუალებას.
.
კიდევ ორასი ნაბიჯი და თქვენს წინ დგას საკმაოდ დიდი და ლამაზი სახლი; ეს კარგი დასაწყისი კიდევ ოცი ნაბიჯის შემდეგ ცუდად მთავრდება. თქვენ შედიხართ ნაცრისფერი დუქნების რიგში, ჭალის ქვით მოკირწყლულ ქუჩაზე ისეთივე წარმატებით მიაბიჯებთ, როგორითაც დამშრალი მდინარის ქვიან კალაპოტში.
.
მარჯვნივ ადიხართ გორაკზე სადაც იშლება ვრცელი მოედანი, რომელსაც სამი მხრიდან გარსაკრავს ადგილობრივი ქვისა და ხისგან აშენებული ერთსართულიანი სახაზინო და კერძო სახლები, მეოთხე მხრეს კი დგას ორი პატარა ეკლესია, ფიცრული ცილინდრული გუმბათებით.
.
იქვე შემაღლებაზე, რომელიც დიდი მდინარის ნაპირს მოგაგონებთ ერთ რიგში დგას ხუთი ყაზარმა და ორი ათეული საცხოვრებელი სახლი.
.
ყაზარმების წინ ჯარისკაცები დახეტიალობენ, სრული სიწყნარეა, მხოლოდ იქვე მდგარი ცუდი სასტუმროდან ისმის ბილიარდის შარების კაკუნი, მოედანზე დააბიჯებენ იღლიაში ჩანთა ამოდებული ჩინოვნიკები და ოფიცრები, მესერის ღობის უკან ისმის ქათმების მშვიდი კაკანი, ძაღლის ყეფა, და კიდევ ისმის ეკლესიის ზარის მშვიდი და ზომიერი ხუთი დარტყმა.
.
საღამოს მოედანზე მოწყო რაღაც სეირნობის მსგავსი. ადამიანთა რამდენიმე ჯგუფი წყნარად დადიოდა წინ და უკან, ხან წყანად საუბრობდნენ ერთმანეთში, ხანაც ისე დაჟინებით გასცქეროდნენ მთებსა და ცას თითქოს მათგან ამ სიზმრის სამეფოს გასაღვიძებელ მადლს ელოდებოდნენ.
.
ფრაგმენტი ივ. ბორისოვის წერილიდან „ქუთაისიდან ოზურგეთამდე“ – გაზეთი კავკაზი 1871 წელი #143
.
ოზურგეთი – ფოტო ლუიჯი ვილარის წიგნიდან (1905 წელი)