მთავრობა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამას იწყებს. ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, პროგრამის დამტკიცების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროული და ეფექტური განხორციელების ხელშეწყობა.
„წელს ძალიან რთული წელია მსოფლიოში, არაერთი გამოწვევა არსებობს. ჯერ იყო პანდემია, ახლა დამანგრეველი ომი. ბუნებრივია, ყველგან გაუარესდა მდგომარეობა, ინფლაცია, ფასების ზრდა და ასე შემდეგ. ქვეყანაში სტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა რომ შევინარჩუნოთ, რა თქმა უნდა, უნდა დავეხმაროთ მოსახლეობას, მოქალაქეებს, ფერმერებს. გადავწყვიტეთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა დავიწყოთ.
პროგრამის დამტკიცების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროული და ეფექტური განხორციელების ხელშეწყობა. სასოფლო-სამეურნეო მიწაზე სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება ერთ ჰექტარზე 300 ლარით. სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰექტრიდან 1.25 ჰექტრამდე ჩათვლით მიწის მესაკუთრეები, თანამესაკუთრეები. ბენეფიციარს შეეძლება მიიღოს ეს სუბსიდია, მათ სპეციალურ აგრობარათზე დაერიცხებათ აღნიშნული დახმარება, სუბსიდია და შეუძლიათ გამოიყენონ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო საქონლის შესასყიდად. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება იქნება, ეს შეეხება 300 ათასამდე ფერმერს. პროექტის ბიუჯეტი 35 მლნ ლარს შეადგენს. ვფიქრობთ, ეს დადებით გავლენას მოახდენს წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების შემცირებაზე.
ამას გარდა, იცით, რომ ვეხმარებით მსხვილ ფერმერებს, მათ ვუფინანსებთ საბრუნავი სახსრებისთვის აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთს 9%-ის ოდენობით, ასევე ერთწლოვანი კულტურის მოყვანის ხელშეწყობისთვის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში 22 მარტიდან დღემდე 20 მლნ ლარს ღირებულების სესხებია გაცემული. ამ მიმართულებით ფერმერების მხარდაჭერას გავაგრძელებთ“,-აღნიშნავს პრემიერი.