სოციალური ქსელის მომხმარებელი, გოგა გაგნიძე ვრცელ წერილს აქვეყნებს სათაურით: “რა სურს თანამედროვე რუსეთს”, სადაც ის რუსეთის სახელმწიფოსა და საზოგადოების ნაკლოვანებებზე მიუთითებს:
”თანამედროვე რუსული საზოგადოება, მისი ყველა შრე ისევე ახალია, როგორც მისი შემოქმედი რეჟიმი.
რა თქმა უნდა, ის ციდან არ ჩამოვარდნილა – მოკრიბა რა ყველა უარყოფითი წინა, საბჭოთა პერიოდიდან და დაამატა ახალი, ერთი შეხედვით შეურეველი, პირადი კეთილდღეობის და გამაერთიანებელი იდეის ნაზავი, რომლის მსგავსიც აქამდე ვერც ერთმა სხვა რეჟიმმა შეძლო – ეს ცხოველი ამბიციებით გაჟღენთილი კონგლომერატი უჩვეულოდ სწრაფად დამწიფდა და ლოგიკურად – სწრაფადვე ლპება.
ისტორიული, ,,ველიკოძერჟავული” და ,, პრავოსლავნიკური” იდეების ტანდემი, რომელმაც იმუშავა მონღოლთა ურდოს შემდგომ რუსეთის მეფეთა პერიოდში ( სადაც პირველი ამართლებდა ყველა ბოროტებას, მეორე კი – საზოგადოებისგან ამ ბოროტების მოსაცილებელ საპნის ფუნქციას ასრულებდა ) ოსტატურად გარდაისახა საბჭოთა კავშირის დროინდელ ლოზუნგებად, სადაც: ,, ველიკოძერჟავული ” – პარტიის და ხალხის ბრძოლად ჩამოყალიბდა ყველას და ყველაფრის წინააღმდეგ, ხოლო ,, პრავოსლავნიკური” ირონიულად ჩაანაცვლა ადამიანის განღმრთობის იდეამ.
70 წელი ,, ხალხის მასების ” დომინირების მოწოდებით ნადგურდებოდა ის, ვინც ვერ ჯდებოდა მასის საზომებში ( პირველი სამოქალაქო ომი, გაკულაკება, 33-37 წლების რეპრესიები, რუსული სამხედრო მანქანა, ე.წ. ,,ხალხის მტრები” და ა.შ. )
ადამიანის განღმრთობის იდეა კი – გულაგის ბანაკებში დახოცილი 28 მილიონამდე ,,სხვაგვარად მოაზროვნეთა” განადგურებით გამყარდა.
ეს ისტორია იმისთვის, რომ შევიცნოთ, თუ რა საფუძველზე დგას თანამედროვე რუსეთი – უმეტესწილად საკუთარი შვილების სისხლზე.
ნომინალურ რუსს თავი არ უყვარს, რაც მიმდინარე, რუსეთ-უკრაინის ომის დროს განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა. დედები წირავენ შვილებს, ცოლები – ქმრებს, რეჟიმი – მოქალაქეებს, რომლებიც მხოლოდ იმისთვის გამოზარდა, რომ მოეკლა მისთვის საჭირო დროს.
რუსეთიდან სამეცნიერო გონება და შეურიგებელი ინტელიგენცია რეჟიმის დამყარების პირველ წლებშივე წავიდა ემიგრაციაში, იხილეს რა კურსკის, ნორდ-ოსტის, ჩეჩნეთის ტრაგედიები მიხვდნენ, რომ ახალი რეჟიმი ივანე მრისხანეს და სტალინის ღირსეულ მემკვიდრეობაზე აცხადებდა პრეტენზიას.
რეჟიმმა მისცა გასაქანი ახალი რუსეთის ჩამოყალიბებას, სადაც ე.წ. ,, ახალი რუსები” ( Новые русские, რომლებიც 90 წლების სანკტ-პეტერბურგის და მოსკოვის მასშტაბით მოქმედი ბანდიტური დაჯგუფებების ლიდერები იყვნენ და დარვინის თეორიის პრინციპით გადაირჩნენ ) მილიარდერ ოლიგარქთა ჯგუფად ჩამოყალიბდნენ და მადლიერებით აფინანსებდნენ მშობელ რეჟიმს.
20 წელია რეჟიმი ცდილობს შეაკოწიწოს თავისი უდიდესი შეცდომა – ფულის სიყვარული და იდეური პოსტულატები დიად რუსეთზე, თუმცა უშედეგოდ, იმპერია ნაკერებში ირღვევა.
რუსეთის საფუძველი მხოლოდ მისი პროპაგანდისტული მანქანაა, ტრადიციული მედია და ტროლ-ბოტეთი, რომლის ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს და ფაქტობრივად ერთადერთი რგოლი, რომელიც დღეს გამართულად მუშაობს ქვეყნის შიგნით.
რუსული ეკლესია სპეცსამსახურების ერთ-ერთ ფილიალად ჩამოყალიბდა (ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში განშტოებებით) და აკურთხებს იარაღს, რომლითაც მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება უკრაინაში, სირიაში, ჩეჩნეთში, საქართველოში.
რა სურს რუსეთს? აქვს კი რაციონალური ახსნა მის დღევანდელ ქმედებებს?
ნაცისტურ გერმანიას აღზევებიდან დაცემამდე 12 წელი დასჭირდა. იგივე გზის გავლა ახალმა რუსულმა იმპერიამ ორ თვეში მოახერხა.
ამის მიზეზი მისი სიშიშვლეა. მსოფლიო ხედავს, რომ რეჟიმი უბრალოდ კლავს, შინ თუ გარეთ. მას არ აქვს გეგმა და მომავალი. რეჟიმის მმართველი, რომელიც ავადაა უკურნებელი სენით, ათმეტრიანი დისტანციიდან გასცემს ქალაქების განადგურების ბრძანებებს, მხოლოდ იმისთვის, რომ იცოცხლოს.
თანამედროვე რუსული ელიტა – ესაა ყოველგვარი იდეისგან დაცლილი საზოგადოება, რომლის მიზანი მხოლოდ საკუთარი თავის და ქონების გადარჩენაა. ამის მაგალითია ერთ-ერთი მისი ცნობილი ოლიგარქი (რომან აბრამოვიჩი), რომელიც გამალებული დაფრინავს ქვეყნებს შორის, რომ როგორმე გადაარჩინოს მილიარდები, რეჟიმმა რომ ანდო.
ჰედონიზმის მწვერვალია, რასაც დღეს ვხედავთ თანამედროვე რუსულ საზოგადოებაში, მის ყველა ფენაში. მისი ( რუსული საზოგადოების ) ერთადერთი სურვილი, დღეს ყველა ხერხით გადარჩენაა, რაც ერთ ჭრილში აქცევს როგორც მოწრიალე ოლიგარქებს, ნადავლის მომლოდინე რუსი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს და თავად სამხედრო მოსამსახურეებს, ბრძოლის ველიდან დაჭრილი თანამებრძოლების ნაცვლად უნიტაზებს რომ მოათრევენ.
გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს, თუ როდის დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი, გადაიზრდება თუ არა იგი უფრო დიდ კონფლიქტში, გაჩნდება თუ არა კონფლიქტის კერები მსოფლიოს სხვა ადგილებში, დაიწყება თუ არა დეკლარირებული მე-3 მსოფლიო ომი – რუსეთის იმპერიის დასასრული დაწყებულია.
ახალი რუსული ემიგრაციის პირველი ტალღა ( მისი უდიდესი ნაწილი ) ჩაძირვის პირას მყოფი ხომალდიდან გაქცეული რეჟიმის თანამოაზრეების ის გუნდია, რომლებიც ბოლო 20 წელი ერთგულად ემსახურებოდნენ მას. მათ იგრძნეს საფრთხე და შეეფარნენ მოყოყმანე ქვეყანებს, რომლებიც ნაწილობრივ, ან არ შეუერთდნენ მსოფლიოს მიერ დაწესებულ სანქციებს.
რა სურს თანამედროვე რუსეთს? – პარადოქსია, მაგრამ ის თავს ინადგურებს გადარჩენის სურვილით.
ეს შედეგი მისი არჩევანიდან გამომდინარეობს – დააკავშიროს ორი ურთიერთგამომრიცხავი რამ – იდეის ერთგულება ( რაც შეუძლებელია მერკანტილურად მოაზროვნე საზოგადოებისვის ) და ბანალური, სამყაროსავით ძველი ფულის სიყვარული, პირადი კეთილდღეობისკენ სწრაფვა.
პირველი, იდეის ერთგულება არის პიროვნებათა გაერთიანების ნაყოფი, იმ პიროვნებების, ასე გულმოდგინედ რომ ანადგურებდა/ანადგურებს, ყრიდა/ყრის რეჟიმი თავისი წიაღიდან.
მეორე – კეთილდღეობა კი იმ ინსტინქტების კრებულია, ცხოველთა სამყაროს ყველა სახეობის საყრდენს რომ წარმოადგენს.
გამაერთიანებელი იდეა შობს ერს, ჯანსაღ კეთილდღეობას და არა პირადი კეთილდღეობისკენ სწრაფვა – ერს, იდეას.
რა ელის რუსეთს? – მონღოლთა იმპერია, რომელიც მსოფლიოში უდიდესი იყო, დღეს თავისი მოკრძალებული ცხოვრებით ცხოვრობს, მომცრო ტერიტორიაზე, მცირერიცხოვანი მოსახლეობით.
რა გველის ჩვენ? საქართველოს? ქართულ საზოგადოებას? რუსული საზოგადოებისგან განსხვავებით ჯერ კიდევ არის დრო, რომ სწორი ორიენტირები ავირჩიოთ.
კერძოდ კი – ,, გამაერთიანებელი იდეა შობს ერს, ჯანსაღ კეთილდღეობას და არა პირადი კეთილდღეობისკენ სწრაფვა – ერს და იდეას ” – წერს გაგნიძე.