მე-10 დღეს ერთი ნაჭერი პური დაგვრჩა – 17 წლის მარიას ისტორია მარიუპოლიდან

17 წლის მარია ვდოვიჩენკო მარიუპოლში ცხოვრობდა. ომის დაწყების შემდეგ მისმა ოჯახმა გამოსცადა შიმშილი, უწყლობა, დაბომბვა, მისი სახლი დაინგრა, ხოლო მარიუპოლიდან გაქცევის დროს ისინი დაკითხეს ფილტრაციის ბანაკში, სადაც მამამისს ისე სცემეს, რომ მან მხედველობა დაკარგა.

ომის დაწყებიდან 2 დღეში კომუნიკაციის საშუალებები, დენი და წყალი გაქრა.

ერთ დილას, ზუსტად არ მახსოვს რა რიცხვი იყო, ვიწექით ყველა ერთ ოთახში. გვესმოდა, როგორ ჩამოვარდა გვერდით ოთახში რაღაც, მაგრამ თავს ვიტყუებოდით და ვფიქრობდით: არა, სადღაც შორს არის, არ გვჯერა.

თავიდან ისეთი სიჩუმე იყო, მერე კი აფეთქების ტალღამ ყველაფერი დაანგრია. სახლის ზედა სართულები უბრალოდ ჩამოიშალა. სახურავიდან ბეტონის ნაჭრები, ავეჯი ჩამოვარდა, მინის ნამსხვრევები იყო და ყველა მხრიდან ყვირილის ხმა მოდიოდა.

დედაჩემი უკვე ექვსი წელია პოლინევროპათიით იტანჯება. ეს არის ნერვული სისტემის დაზიანება. სტრესის გამო სიარული შეწყვიტა, გული ორჯერ გაუჩერდა. აფთიაქები არ მუშაობდა, წამალი არ გვქონდა. სასწრაფო დახმარების განყოფილება, რომელიც ჩვენი სარდაფის მოპირდაპირე მხარეს იყო – დაინგრა.

მამაჩემმა დედაჩემი რამდენჯერმე გადაარჩინა – ჩაუტარა ხელოვნური სუნთქვა, გულის მასაჟი. ტაბლეტები დაბომბვის ქვეშ უნდა მოეძებნა. დედა ვერ დავკარგავდით. ამ სარდაფში მხოლოდ ჩვენი იმედი და ლოცვა იყო.

ხალხი ჩხუბობდა, ვიღაცების გაგდებას ცდილობდნენ სარდაფიდან, რომ ერთით ნაკლები ადამიანი ყოფილიყო. სიკეთე არ იყო, მხოლოდ სიბნელე იყო და უკვე სიკვდილის სუნს ვგრძნობდით. ასე გაგრძელდა 12 დღე.

ლოცვა მაინც გადავწყვიტე – ღმერთს ვთხოვე მალე მოვმკვდარიყავი და ჩემი ახლობლების სიკვდილი არ მენახა. არ მენახა თუ როგორ იტანჯებიან ისინი და მე დახმარება არ შემიძლია.

არაფერი გვქონდა. არც ძალა, არც იმედი, არც ჩვეულებრივი პირველადი დახმარების ნაკრები. ყველანი მივხვდით, რომ თუ ამ შენობას ბომბი მოხვდებოდა, აქედან ცოცხლები ვერ გავაღწევდით, ისე როგორც ეს  გვერდითა კორპუსში მოხდა. მტრის არმია ამას გვიკრძალავდა, ეს შეუძლებელი იყო.

მარიუპოლიდან დონეცკის რეგიონში, იალტაში გავიქეცით, სადაც 10 დღეზე მეტი ვიმალებოდით ძველ პანსიონატში. არც იქ გვქონდა საჭმელი, წყალს ჭიდან ვიღებდით. ნაღდ ფულს, რომელიც დაგვრჩა, ფასი არ გქონდა.

ხალხი იალტაში გადასარჩენად წავიდა, თუმცა იქაურები საკვებს ძვირად აფასებდნენ. ჰუმანიტარული დახმარება არ იყო. ე.წ. მმართველები, თითქოს ცდილობდნენ კარგი კუთხით თავის წარმოჩენას, მაგრამ იალტაში ისევ შიმშილი და სიცივე იყო. მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ იქიდან წამოვსულიყავით.

ასე მოვხვდით მანგუშის ფილტრაციის ბანაკში. ორი ბანაკი იყო. პირველი არის მათთვის, ვინც ფეხით გადაადგილდებოდა. მათი “გაფილტვრა” შეიძლება თვეზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელებულიყო. გრძელი რიგი იყო. ხალხი გაქცევას ცდილობდა.

მეორე კი მანქანებისთვის იყო. ბანაკი არ არის ერთგვარი დასახლება, ეს არის მანქანების კოლონები. ჩვენს წინ 500 მანქანა იდგა რიგში, კიდევ ათასობით ჩვენს უკან.

აკრძალული იყო მანქანებიდან გადმოსვლა, საკვების, წყლის ძებნა, ტუალეტში შესვლა. შეიარაღებული ჯარისკაცები ყველგან დადიოდნენ, გვემუქრებოდნენ, ამოწმებდნენ, ეძებდნენ, რომ ყველა ადგილზე ყოფილიყო.

ეს ფილტრაციის ბანაკი, როგორც გვითხრეს, დილის 5-დან საღამოს 23-მდე მუშაობდა, ფაქტობრივად – სანამ არ გაიღვიძებენ, საუზმობენ, ეწევიან, ტელეფონზე საუბრობენ, გამოიცვლიან, არაფერი დაიწყება.

მათ არ აინტერესებთ მშვიდობიანი მოსახლეობა. ყოველ საათში ორი მანქანა გადიოდა, თუ გაგიმართლა – სამი მანქანა. ჩვენი რიგის მოლოდინში ორი დღე ვიცხოვრეთ მანქანაში.

აი, როგორ მუშაობს ფილტრაცია: მათ აქვთ საგუშაგო. მანქანა მიდის იქ, სადაც ამოწმებენ ყველა ჯიბეს, ხელთათმანების ყუთს, საბარგულს, ყველა ჩანთას. ხალხს ტანსაცმელი აქვს და რა დევს ქვემოთ. კაცებს აშიშვლებდნენ, ეძებდნენ ტატუებს, რაღაც ნიშნებს, როგორც ისინი ამბობდნენ “ნაციონალისტებს”.

ზოგჯერ ისე ხდებოდა, რომ ყველა ვერ გადიოდა “ფილტრაციას”- მათ შეეძლოთ წაეყვანათ დედა ან მამა და მანქანა უნდა გადაადგილებულიყო. ხალხი იკარგებოდა. მათ იარაღი ჰქონდათ და ხალხს არაფერი.

ჩვენი რიგი მოვიდა საღამოს 11 საათზე, იმ დღის ბოლო მანქანა ვიყავით. შეგვიშვეს და გაჩხრიკეს. დედა ავადმყოფობის გამო ვეღარ დადიოდა. დედას და დას მანქანაში დარჩენის ნება დართეს, თქვეს რომ “გაფილტვრა” 14 წლიდან იწყებოდა.

შემდეგი ჩვენი ჯერი იყო. მე ერთ ფილტრაციის ოთახში წავედი, მამა მეორეში.

აიღეს ჩემი თითის ანაბეჭდები, დაასკანერეს დოკუმენტები, შეამოწმეს ჩემი ტელეფონი. დამისვეს პროვოკაციული კითხვები ძალაუფლებაზე, უკრაინაზე, ჩემს პოზიციებზე. ისინი ცდილობდნენ ეპოვათ სამშობლოს მოყვარული ხალხი, ვისაც ნორმალურად ცხოვრება უნდა. დასცინოდნენ, ამცირებდნენ, შეეძლოთ სახელის დარქმევა, ურტყამდნენ.

აიღეს ჩემი პასპორტი, ნახეს, რომ 17 წლის ვიყავი. მე მათ არ მოვეწონე, რადგან ძალიან პატარას ვგავდი, ისინი ახალგაზრდა გოგონებს ეძებდნენ. გამომიყვანეს იქიდან. მანქანამდე მათი შეიარაღებული ჯარისკაცი გამომყვა.

მან ხელი მკრა, რადგან თითქოს ნელ-ნელა მივდიოდი. დავეცი, მუხლი დავარტყი, მაგრამ მივხვდი, რომ არ ავმდგარიყავი და მანქანისკენ არ გავქცეულიყავი, ვერ დავბრუნდებოდი. გავიქეცი.

დედამ როცა დამინახა პანიკა დაეწყო: მამა სად არის? ვერ ჩააბარა? უკვე მოკლეს? მას დასცინიან?- მე არაფერი ვიცოდი, ვისხედით და ველოდებოდით.

მამა 40 წუთის შემდეგ დაბრუნდა. ჩვენ დავინახეთ, როგორ გამოაგდეს. ის დაეცა, წამოდგომას ცდილობდა და ისევ ეცემოდა, მაგრამ მაინც მივიდა მანქანასთან.

შემდეგ წავედით ლტოლვილთა დახმარების ცენტრში ზაპოროჟიეში. დედაჩემს სამედიცინო დახმარება გაუწიეს, რადგან ჯერ სიარული არ შეეძლო. მამაჩემი მძიმედ იყო, ის ვეღარ ხედავდა. მე და ჩემი და ემოციურად დავიღალეთ. ფსიქოლოგიურად გავტყდით.

მოხალისეები დაგვეხმარნენ დნეპერამდე მისვლაში.

ქალაქში მამა ორმა ექიმმა გამოიკვლია და დაასკვნეს, რომ მას ტვინის შერყევა ჰქონდა. ერთ თვალში მხედველობა სრულად დაკარგა, ხოლო მეორედან ისე ხედავს, თითქოს პოლიეთილენის პარკიდან იყურება.

მოხალისეებმა ლვოვში გამოგვაგზავრეს ხარისხიანი სამედიცინო დახმარების მისაღებად. აქ მამას კიდევ ერთხელ გაუსინჯეს და გვითხრეს, რომ მისი მკურნალობა ხანგრძლივი, რთული და ძვირი იქნებოდა, შესაძლოა საზღვარგარეთ წასვლა მოუწიოს.

გადავრჩით.

tabula.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share