“ჩვენ გვაქვს ძალიან მაგარი მომავალი…მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ბრძოლას გავაგრძელებთ”- მიხეილ სააკაშვილმა სხდომა დატოვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სასამართლო სხდომათა დარბაზი დატოვა. სხდომის დატოვებამდე მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიმართა და თქვა, რომ ის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პირადი პატიმარია.

“თუკი ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ ვარ პუტინის პირადი პატიმარი, რომელიც ჩვენდა სამარცხვინოდ, იმყოფება ქართველების ხელით ქართულ ციხეში. მაგრამ, რა პირობებიც არ უნდა შექმნან, რაც არ უნდა გააკეთონ, ვერავინ ნახავს ვერც ჩემ წუწუნს და ვერც დაჩივლებას. რახან მკითხეთ, გიპასუხეთ რაც ხდება”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინასთან ერთად დიდ ბრძოლაშია შესული, სადაც აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს.

“ჩვენ შესული ვართ ძალიან დიდი ბრძოლაში. საქართველო ამ დიდ ბრძოლაში არის უკრაინელებთან ერთად. კიდევ კარგი, ჩვენთან არ იღვრება სისხლი და არც უნდა დაიღვაროს. უკრაინა უკვე გამარჯვებულია და საქართველომაც უნდა გაიმარჯვოს. მინდა ყველას მადლობა ვუთხრა ყველას, ვისაც სჯერა, ვინც იბრძვის, ერთიანდება, ვინც ივიწყებს ძველ წყენას, მეორეხარისხოვნად აქცევს, როცა საქმე ეხება საქართველოს არსებობას, გადარჩენას გაძლიერებას და ამ ჩიხიდან გამოყვანას. ჩვენი ისტორია აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენ გვაქვს ძალიან მაგარი მომავალი, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ამ ბრძოლას გავაგრძელებთ და გავშლით. წინ გვაქვს გამარჯვების დიდი ზეიმი და ამისთვის ყველა ერთად უნდა მოვემზადოთ. ნურაფერი შეგაშინებთ”, – თქვა მესამე პრეზიდენტმა.

მანვე მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მხარდაჭერას უცხადებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share