მედია: ინდოეთმა რუსეთში ექსპორტი განაახლა, ძირითადად საქართველოს პორტების გამოყენებით

ინდური მედია The Economic Times წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ინდოეთმა გასულ კვირას განაახლა რუსეთში ექსპორტი და ამ პროცესისთვის, ძირითადად, საქართველოს პორტებს იყენებს.

მედია წერს, რომ ექსპორტით რუსეთში გადის ჩაი, ბრინჯი, ყავა, ხილი, ტკბილეული, ზღვის პროდუქტები.

მათივე ცნობით, “ბანკები რუსეთის უმსხვილესი კრედიტორის, “სბერბანკის” ხელმძღვანელობით, ხელს უწყობენ ორმხრივი ვაჭრობის დარეგულირებას, რომელიც ძირითადად საქართველოს პორტების გავლით ხდება”.

ექსპორტი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ პრაქტიკულად შეჩერდა მხარეებს შორის მიწოდებისა და ანგარიშსწორების საკითხებზე სირთულეების გამო. მოგვიანებით, ორივე ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა ვაჭრობისა და გადახდების საკითხებზე მოლაპარაკებები გამართეს.

რუსული სახელმწიფო მედია TASS ავრცელებს ინდოეთის საექსპორტო ორგანიზაციების ფედერციის დირექტორის კომენტარს:

“საგადახდო ოპერაციები ახლა ხორციელდება Sberbank-ის მეშვეობით. ბანკები ხელს უწყობენ რუსეთთან სავაჭრო ოპერაციების აღდგენას, რომლებიც ძირითადად საქართველოს პორტების გავლით ხორციელდება”, – ამბობს ის.

ცნობისთვის, უკრაინაში შეჭრის გამო,  დასავლეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა, რომელთა ფარგლებშიც რიგმა ქვეყნებმა ექსპორტი შეაჩერეს, კომპანიებმა რუსული ბაზარი დატოვეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share