ოკუპანტებმა ხარკოვის ერთ-ერთი ქარხნის შენობაში ე.წ. ციხე, საკონცენტრაციო ბანაკი მოაწყვეს – ამის შესახებ ხარკოვის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა. მისი თქმით, ქარხნის აღჭურვილობა რუსეთში გაიტანეს, შენობაში კი უკრაინელებს აწამებენ, აიძულობენ თანამშრომლობას.
მისივე ინფორმაციით, გუშინდელი თავდასხმების შემდეგ ხარკოვის ოლქში არიან დაჭრილები და დაღუპულები.
“ვოლჩანსკში ერთ-ერთი ქარხნის აღჭურვილობა მთლიანად რუსეთის ფედერაციაში გაიტანეს, შენობაში კი ე.წ. ციხე, ნამდვილი საკონცენტრაციო ბანაკი მოაწყვეს, სადაც ადამიანებს აწამებენ, აიძულებენ თანამშრომლობას და იმას, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ჩაეწერონ. ისინი აღდგომის დღეებშიც გვბომბავენ. გუშინდელი დაბომბვის შედეგად გვყავს 4 მოკლული და 11 დაჭრილი.
ყველაზე ცხელი წერტილი ხარკოვის ოლქში იზიუმია, რადგან ჩვენი სამხედროები აკავებენ მტერს და ლუგანსკისა და დონეცკის მიმართულებით სვლის საშუალებას არ აძლევენ. თავად იზიუმი სრულად არის ოკუპირებული. ჩვენ ვერ შეგვაქვს ვერც ჰუმანიტარული დახმარება და არც მოსახლეობის ევაკუაციის საშუალებაა”, – ამბობს სინეგუბოვი