კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსმა, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა საშობაო ეპისტოლე სხვადასხვა ენაზე, მათ შორის, ქართულად გამოაქვეყნა.
მსოფლიო პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს ქართულ ტექსტს მსოფლიო საპატრიარქო ავრცელებს.
„ეკლესიას სისავსეს: მადლი, წყალობა და მშვიდობა ბეთლემში შობილი იესო ქრისტესი
* * *
ქრისტეში ყოვლად ღირსეულნო ძმანო და საყვარელნო შვილნო,
ვმოგზაურობთ ყოვლადწმინდა ქალწულთან ერთად, და მადლიერების გრძნობით გამსჭვალულნი, მოუთმენლად ველით „არსებათ უზეშთაესთა“ პირველსაუკუნეთა სიტყვის, ღვთიური ჩვილის ბეთლემში შობას. აჰა, ჩვენ, კიდევ ერთხელ მივაღწიეთ შობას სიყვარულის ღმერთის მიმართ. წელს, სამყაროს მხსნელი მაცხოვრის შობის დღესასწაულისადმი მიმავალი გზა, მწვავე პანდემიის პირობებში, განსხვავებულია. მსოფლიოში საეკლესიო ცხოვრებამ და მორწმუნეთა თანამონაწილეობამ საღმრთო მსახურებებში და სამწყსო ზრუნვამ, კარგად გვიჩვენა ჯანდაცვის სისტემისგან დაწესებული შეზღუდვების შედეგები. მაგრამ ეს ყველაფერი არ ეხება ქრისტიანთა შინაგან კავშირს ქრისტესთან, მის მრწამსს და რწმენისადმი ერთგულებას, „არამედ ერთი არს სახმარ (საჭირო)“.[1]
სეკულარულ საზოგადოებაში შობის დღესასწაული თითქოს გაუფერულდა, თითქოს მომხმარებლური, ამქვეყნიური ხასიათი მიიღო და თვალთახედვიდან დაიკარგა ის, რომ ამ წმიდა დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ „უმთავრეს საიდუმლოს“ [2] – ღმრთის განკაცებისას. ქრისტეშობის დღესასწაულის ჯეროვანი აღნიშვნა – ეს წინ აღდგომა და შეპირისპირებაა ცხოვრების გამიწიერებასთან საპირისპირო დღესასწაული, შეპირისპირება საიდუმლოს განცდის შესუსტებისა და მოკვდინების მდგომარეობასთან.
სიტყვის განხორციელება განაცხადებს არსს, მიმართულებასა და მიზანს ადამიანის არსებობისა. სრული ღმერთი სრული ადამიანი ხდება, რათა ძალგვიძდეს ყოფა „ღმრთაებრ“. „განკაცდა ღმერთი, რათა ჩვენ განვეღმრთეთ.“ [3] წმიდა გრიგოლ ღმრთისმეტყველის ღრმა ფორმულირებით, ადამიანი „ღმრთად მოწოდებულია“,[4] „განღმრთობილი არსებაა“.[5] ასეთია უმაღლესი პატივი, რომელიც ადამიანის არსებობას განუსაზღვრელ ღირებულებას სძენს. ქრისტეში ყველა ადამიანია მოწოდებულია ცხონებისთვის: „აღარ არის იუდეველი, აღარც ბერძენი, აღარც მონა და აღარც თავისუფალი, არცა მამაკაცი, არცა დედაკაცი, რადგანაც ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში“ [6] – ღმრთისმეტყველებს ღმრთივსულიერი პავლე მოციქული. ეს არის დიდი გადატრიალება ანთროპოლოგიის, ღირებულებათა სისტემასა და ეთიკის აღქმის სფეროში. ამ დროიდან კაცისა შეურაცხმყოფელი, წინა აღუდგება ღმერთს, „რადგან არაფერია ისეთი წმიდა, ვითარცა ადამიანი, რომლის ბუნებასაც ღმერთი თანაეზიარა.“[7]
შობა წარმოადგენს ეკლესიის ღმერთკაცობრივ ყოფას, სადაც ქრისტე მუდმივად განიცდება, ის ვინც იყო, არს და მოვალს. დედის მკლავთა შინა მყოფი არ განშორებია მამის წიაღსაც, ყრმა იესო არის ის, ვინც ჯვარცმულ იქნა, აღდგა და დიდებით აღვიდა ზეცად, მსაჯული სიმართლისა და მეუფე დიდებისა. სწორედ ამ გამოუთქმელ საიდუმლოებას ვადიდებთ ფსალმუნებითა და საგალობლებით, ვემსახურებით და თავადაც ვიმსახურებით მის მიერ, ეს დაამოწმა ღმრთივშთაგონებულმა ქალკედონის მეოთხე საეკლესიო კრებამ. ქალკედონის დოგმატი, გონთმიუწვდომელი და აღმატებული დოგმა ლოგოსის განკაცებისა „ჰღაღადებს“ არქიტექტურის, წმიდა ადგილის ინტერიერის მეშვეობითაც, ჰღაღადებს ეს გუმბათი, რომელიც კაცობრივისა და ღმრთაებრივის, მიწიერისა და ზეციურის შეერთებას წარმოგვისახავს, ჰღაღადებს ეს გარდამოღვრილი სინათლე, ქალაქთა შორის დიდებული ქალაქის, კონსტანტინოპოლის ყოვლადწმინდა ტაძარი წმიდა სიბრძნისა, აია სოფია, სიქადული მართლმადიდებლობისა და დიდებულება მსოფლიოსი!
მიუხედავად მრავალი მწუხარებისა, დღეს გვესმის „უფლის ანგელოზის“ ხმა მგრგვინავი, რომელიც „დიდ სიხარულს გვახარებს ყველას, რადგან ჩვენთვის დღეს მაცხოვარი დაიბადა, რომელიც არის ქრისტე იესო“[8] . ჩვენ ვზეიმობთ შობას, ვლოცულობთ ჩვენი და-ძმებისთვის, განსაცდელში მყოფთა და სნეულთათვის. ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ექიმებისა და ექთნების თავგანწირვით, ყველასი, ვინც პანდემიას ებრძვის. ვხარობთ, როდესაც აღმოვაჩენთ, რომ პაციენტი აღიქმება, როგორც წმიდა პიროვნება და არ ხდება მისი დაყვანა მხოლოდ რიცხვამდე, ან უპიროვნო ბიოლოგიურ ერთეულამდე. ძალიან მკაფიოდ და ნათლად ითქვა, ექიმების „თეთრი სამოსი“ ეს არის „თეთრი ანაფორა“, რომელიც გამოხატავს მსახურებას „ჩემი მოყვასისადმი“ [9] და სრულ ვალდებულებას ტანჯულისადმი მსახურებისა. ეს „თეთრი სამოსი“ – ისევე, როგორც სასულიერო პირის სამოსი, გამოხატავს მსხვერპლსა და სამსახურს მოყვასისთვის გაღებულს, ის სულის სიმბოლო და შთაგონებაა, რომლის მამოძრავებელი ძალა სიყვარულია, რომელიც ყოველთვის ღმრთივმომადლებული ნიჭია და არასდროს მხოლოდ ჩვენი საკუთარი მიღწევა.
საშიშმა პანდემიამ ბევრი ძალიან შეაკრთო. ამ ვითარებამ ნათლად გამოავლინა თანამედროვე „ზეკაცის“ შესაძლებლობების საზღვრები და, ამავდროულად, წარმოაჩინა სოლიდარობის ძალა. უდავო ჭეშმარიტებაა, რომ ჩვენი სამყარო წარმოადგენს ერთ მთლიანობას, და რომ ჩვენი პრობლემები საერთოა, და რომ მათი გადაწყვეტა, თანამშრომლობასა და თანხმობას მოითხოვს, აქ რაც შეიძლება, საუკეთესო გამოიკვეთოს, ესაა პირადი წვლილის მნიშვნელობა, მოწყალე სამარიტელის სიყვარული, რომელიც აღემატება ყოველ ადამიანურ საზომს. ეკლესია აქტიურად უჭერს მხარს – საქმითა და სიტყვით – ჩვენს ტანჯულ და-ძმებს, ლოცულობს მათთვის, მათი ნათესავებისთვის და ყველა, ვინც პასუხისმგებელია მათზე და ამავე დროს აცხადებს, რომ ავადმყოფთა განკურნება – ესაა დროებითი გამარჯვება სიკვდილზე – რაც ქრისტეში სიკვდილის საბოლოოდ გაუქმებით უნდა აღსრულდეს.
სამწუხაროდ, ჯანდაცვის კრიზისმა არ დაგვანება 2020 წლისთვის გათვალისწინებული ღონისძიებების აღსრულება, რომელიც გამოცხადებული იყო „პასტორალური განახლებისა და ახალგაზრდებისთვის ჯეროვანი ზრუნვის“ წლად. ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს შესაძლებელი გახდება დაგეგმილი ინიციატივების განხორციელება ახალი თაობისთვის. გამოცდილებით ვიცით, რომ როდესაც ახალგაზრდებს გაგებითა და სიყვარულით უახლოვდებიან, ისინი ავლენენ თავიანთ შემოქმედებით ძალებს და ენთუზიაზმით მონაწილეობენ ღონისძიებებში. აქვე დავსძენთ, რომ ახალგაზრდობა ადამიანის ცხოვრების განსაკუთრებით „რელიგიური“ პერიოდია, ოცნებებით, ხედვებითა და ღრმა ეგზისტენციალური ძიებებით, ძმობის ახალი სამყაროს ძლიერი იმედით. ამ „ახალ ქმნილებაში“ [10], „ახალ ცასა და ახალ მიწაზე … რომელშიც სიმართლეს დაუვანებია“[11], ეხარება ქრისტეს ეკლესია, აქ იხილვება, ესქატოლოგიურ სარბიელსა და გზასა ზედა!
საყვარელნო ძმანო და კურთხეულნო შვილნო,
ეკლესიაში ადამიანი მთლიანად განახლებულია და არა მხოლოდ „ეხმარება“ მას, არამედ იქ ადამიანი „ცხოვრობს ჭეშმარიტებაში“ და განიცდის თავის ღმრთიურ მოწოდებას. როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა და დიდმა კრებამ განაცხადა, ეკლესიაში „ყველა ადამიანი უნიკალურია, რომელიც ღმერთთან პირადი ურთიერთობისკენ არის მოწოდებული“ [12]. ჩვენ ვიზიარებთ ღმრთივბოძებულ რწმენას, რომ ჩვენი დღევანდელი ცხოვრება არ არის მთელი ჩვენი ცხოვრება, რომ ბოროტებასა და უარყოფით მოვლენებს ისტორიაში ბოლო სიტყვა არ ეკუთვნით. ჩვენი მხსნელი არ არის „მექანიკური ღმერთი“, რომელიც ჩაერევა და აღმოფხვრის ტანჯვას, და იმავდროულად ანადგურებს ჩვენს თავისუფლებას, თითქოს ჩვენი გამოხსნა „განაჩენი“ ყოფილიყო. ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის, ძალაშია პატერიკის სიტყვები: „ხსნის საიდუმლო მათ ეკუთვნით, ვისაც სურს გადარჩენა“ [13]. ქრისტეში თავისუფლების ჭეშმარიტება ჯვრის მეშვეობით გამოიცდება, რომელიც აღდგომისკენ მიმავალი გზაა.
ამ სულისკვეთებით, ღმრთისმოშიშებით, ერთად აღვნიშნავთ ქრისტეშობას და წმიდა თორმეტეულის სხვა დღესასწაულებს, ვლოცულობთ ფანარიდან, რომ კაცთა შორის მოსულმა მაცხოვარმა ჯანმრთელობა და ურთიერთსიყვარული, ყოველ კეთილ საქმეში წინსვლა და ზეციური კურთხევა მოგმადლოთ ამა დამდეგსა წელსა და ყოველსა დღესა ცხოვრებისა თქვენისასა! იყავნ!
ბართლომეოს კონსტანტინოპოლელი,
მარად თქვენთვის მლოცველი წინაშე ღმრთისა“, – ნათქვამია მსოფლიო პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში, რომლის ქართულენოვანი ტექსტი მსოფლიო საპატრიარქომ გამოაქვეყნა.