დღეს გამართულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე აჭარის მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცეს.
ახალ შემადგენლობას 14 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო ოპოზიციონერი დეპუტატი ირაკლი ჩავლეიშვილი.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე კვლავ თორნიკე რიჟვაძე იქნება. უცვლელია მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაც.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი კვლავ მაია ხაჯიშვილი იქნება.ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე.
სოფლის მეურნეობის მინისტრი კი გიორგი სურმანიძე.
„მინდა დავიწყო იმ არჩევნების შეფასებით, რომელმაც მოგვცა საშუალება, რომ ქვეყანაში გაგრძელდეს ქვეყნის სტაბილური განვითარება , მშვიდი განვითარება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მთავრობა და ხელისუფლება ღირსეულად გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს , რომელიც არსებობს როგორც ქვეყნის ასევე აჭარის რეგიონის წინაშე.
დარწმუნებული ვარ, რომ დემოკრატიული პროცესისთვის ხალხის მიერ ნდობა გამოცხადებული ყველა დეპუტატის მონაწილეობა მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის განვითარებისთვის.
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ შეძლო ძალიან მაღალი ნდობის და შესაბამისად, საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება და უმაღლესი საბჭოს გამართულ ფუნქციონირებას არანაირი შეფერხება არ ექნება შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში“,- განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.