საუბარია სატელეფონო ჩანაწერზე, რომელშიც რუსი ოლიგარქი ივანიშვილს სანქციებისგან თავის დახსნაში დახმარებას სთხოვს. სტატიაში ვკითხულობთ, რომ 12 და 14 მარტს განხორციელებული ორი სატელეფონო ზარი, რომელთა ჩანაწერები ახლა გავრცელდა, აჩვენებს, თუ როგორ ეძებს ევტუშენკოვი გამოსავალს თავისი ბიზნესის გადასარჩენად – და რომ, ალბათ, ჰყავს ძლიერი მხარდამჭერი საქართველოში.
“ევტუშენკოვმა თავის აშკარად ძალიან კარგ მეგობარს, ბიძინა ივანიშვილს დაურეკა. იგი ითვლება ოლიგარქად მეზობელ საქართველოში, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა 2012 წლის ოქტომბერში თავისუფალი არჩევნების გზით, პარტია „ქართული ოცნებით“ და ოფიციალურად დატოვა სულ რაღაც 13 თვის შემდეგ. მას შემდეგ ის განმარტოებული და არასაჯარო ცხოვრებით ცხოვრობს, მაგრამ მაინც ითვლება ყველაზე ძლევამოსილ ადამიანად ქვეყანაში, რომლის ავტორიტეტის გარეშე არაფერი მუშაობს”, – ნათქვამია სტატიაში.
Bild-ის მიხედვით, ის, რომ ივანიშვილი და დღევანდელი ხელისუფლება კრემლის მომხრეები არიან, საქართველოში დიდი ხანია მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხია. ამავდროულად კი მოსახლეობის დიდი ნაწილი სოლიდარულია უკრაინის მიმართ.
“სატელეფონო საუბრისას ორმა მამაკაცმა რუსული მეტსახელები გამოიყენა. „ბორინკა, მეგობარო!“ მიმართავს რუსი ქართველს, „სად უნდა წავიდე? რისი გაკეთება შეგიძლია? – ეკითხება მას.
ქართველი ადასტურებს: „სიტუაცია არ არის მთლად სასიამოვნო, მაგრამ უნდა მოითმინო“.
შემდეგ საუბრობენ ხორბლის გარიგებაზე, რომელიც ქართველმა მილიარდერმა უნდა გააფორმოს და რაზეც ევტუშენკოვმა უკვე გაგზავნა თავისი ერთ-ერთი მთავარი მენეჯერი.
ქართველი მილიარდერი მას ეუბნება, რომ შუამავალი უკვე საქართველოს პრემიერთანაა, მაგრამ რუსი დაჟინებით სთხოვს, რომ ამ ადამიანს პირადადაც შეხვდეს: „ნამდვილად გევედრები, რომ შეხვდე. ზუსტად გეტყვის, რაც მჭირდება.“ „კარგი, ვალოდია“ – ბოლოს ნებდება ქართველი, რაზეც რუსი ეუბნება: „მადლობა, ბორინკა, ჩემო მეგობარო“, – ვკითხულობთ სტატიაში.
გერმანული გამოცემა წერს, რომ კერძო ქართული მაუწყებლის [მთავარი არხი] კითხვაზე, ევტუშენკოვმა დაადასტურა ივანიშვილთან სატელეფონო საუბარი. მან ასევე აღიარა მისი მენეჯერის შეხვედრა საქართველოს პრემიერმინისტრთან.
სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინელმა დეპუტატმა, დავით არახამიამ ერთ-ერთმა პირველმა გაავრცელა ჩანაწერები თავის ტელეგრამის არხზე. გამოცემა წერს, რომ თავად პოლიტიკოსი წარმოშობით ქართველია და დასავლეთისგან ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებს ითხოვს. “ქართველი ხალხი უკრაინის საუკეთესო მეგობარია, მაგრამ ქვეყნის ხელისუფლება მათ რუსეთის მკლავებში უბიძგებს”, – ციტირებს BILD დავით არახამიას განცხადებას.