გამოძიების ინფორმაციით, 26 აპრილს რუსმა სამხედროებმა ფიზიკური ძალადობის მუქარით გაძარცვეს ერთ-ერთი სასოფლო-სამეურნეო კომპანიის ფილიალი.
„ოკუპანტებმა საწარმოდან მოპარული ხორბალი და სხვა ქონება გაიტანეს სატვირთო ტრანსპორტით, რომელიც ასევე ფილიალის საკუთრება იყო. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ომის კანონებისა და წესების დარღვევის ფაქტზე (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის 1-ლი ნაწილი)“, – ნათქვამია უკრაინის გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში მარცვლეულის გატანის ფაქტებს ასევე აღრიცხავს უკრაინის უმაღლესი რადის ადამიანის უფლებათა კომისარი ლუდმილა დენისოვა, რომლის თქმითაც, 23 აპრილს „ხერსონის ოლქში ოკუპანტებმა დააცარიელეს სოფელ ნოვოალექსეევკაში მდებარე ელევატორი და მთელი მარცვლეული ოკუპირებულ ყირიმში გაიტანეს. ქერჩის ხიდზე ასევე შეამჩნიეს მატარებელი, ვაგონებზე წარწერით „მარცვლეული“.
„რუსმა სამხედროებმა უკვე გაიტანეს რამდენიმე ასეული ათასი ტონა მარცვლეული დროებით ოკუპირებული ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებიდან“, – განაცხადა უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრის პირველმა მოადგილემ ტარას ვისოცკიმ, რომლის თქმითაც, მარცვლეულის მოპარვისა და უკრაინიდან გატანისას რუსები იყენებენ XX საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისის ტაქტიკას.
უკრაინიდან მარცვლეული კულტურების გატანა რომ სტიქიურად არ ხდება, ამაზე შეიძლება მეტყველებდეს რუსეთის კრასნოიარსკის მხარის საკანონმდებლო კრების ვებსაიტზე გამოქვეყნებული ტექსტი „ხერსონის ოლქში ფერმერთა ჭარბი მოსავლის ექსპროპრიაციის შესახებ“. მიუხედავად იმისა, რომ საიტის ადმინისტრაციამ მალევე წაშალა ტექსტი და განაცხადა, საიტი გაგვიტეხესო, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საჭიროდ მიიჩნია შემდეგი შინაარსის განცხადების გავრცელება:
„რუსეთის კრასნოიარსკის მხარის საკანონმდებლო კრების ასეთი გადაწყვეტილება სხვა არაფერია, თუ არა საბჭოთა ხელისუფლების კრიმინალური პოლიტიკის პირდაპირი გაგრძელება, რომელიც პასუხისმგებელია 1932-1933 წლების ჰოლოდომორსა და მასიურ ხელოვნურ შიმშილზე 1921-1923 და 1946-1947 წწ.-ში“.
ჰოლოდომორი – უკრ. Голодомор, შიმშილით სიკვდილი
ჰოლოდომორს უკრაინაში (1932-1933 წწ.) სულ მცირე 3,9 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა, შიმშილის მიზეზი კი იყო გლეხებიდან მარცვლეულის ამოღების იძულებითი, რეპრესიული პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებდა კომუნისტური ხელისუფლება.
„გენოციდის კონვენციის მამად“ წოდებულმა, დოქტორმა რაფაელ ლემკინმა, რომელმაც ფაქტობრივად გამოიგონა ეს ტერმინი, 1953 წელს თქვა, რომ „უკრაინელი ერის განადგურება“ არის „გენოციდის კლასიკური მაგალითი“.
იმ დროს, როდესაც მილიონობით უკრაინელი შიმშილით იღუპებოდა, საბჭოთა მთავრობას უკრაინული მარცვლეული ექსპორტზე გაჰქონდა როგორც საზღვარგარეთ, ასევე სსრკ-ის სხვა რესპუბლიკებში. მარცვლეულის ექსპორტის შეზღუდვა 1931 წელს ან მისი სრული შეწყვეტა 1932-1933 წლებში სიკვდილისგან იხსნიდა მილიონობით უკრაინელს, მათ შორის, ასობით ათას ბავშვს. მეტიც, ასეთი გადაწყვეტილებები არანაირად არ იმოქმედებდა ინდუსტრიალიზაციის განხორციელებაზე, რადგან ამ პერიოდში ხორბლის მსოფლიო ფასები დაეცა და სსრკ-მ გაცილებით მეტი მოგება მიიღო ხე-ტყისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტიდან. გარდა ამისა, საკმაოდ დიდი მოცულობის მარცვლეული დაგროვდა სახელმწიფო რეზერვებში. ეს რესურსები არ გამოიყენებოდა შიმშილით დაზარალებული უკრაინის დასახმარებლად, რაც უკრაინაში შიმშილის ორგანიზების გაცნობიერებულ ქმედებებზე ლაპარაკობს.
რატომ?
ისტორიკოსი და პუბლიცისტი ენ ეპლბაუმი წიგნში „წითელი შიმშილი: სტალინის ომი უკრაინასთან“ ამტკიცებს, რომ ჰოლოდომორი სტალინმა განზრახ მოაწყო. 1932 წელს იყო ზოგადად საბჭოთა შიმშილის დასაწყისი, რომელიც მოიტანა კოლექტივიზაციამ და მარცვლეულის მოკრების პოლიტიკამ, მაგრამ 1932 წლის შემოდგომაზე სტალინმა გადაწყვიტა ამ კრიზისით ესარგებლა, გამოეყენებინა ის კონკრეტულად უკრაინის მიზანში ამოსაღებად. შესაბამისად, შიმშილი, უკრაინელი ინტელექტუალების შევიწროების პარალელურად, ემსახურებოდა უკრაინაში კონტრრევოლუციის საფრთხისა და უკრაინის დამოუკიდებლობის ჩახშობას.
რადიო თავისუფლება