მესამე პრეზიდენტის ოჯახს საზოგადოების მხარდაჭერის იმედი აქვს, ყოველდღიური საპროტესტო აქციები კი უახლოეს დღეებში დაიწყება. მიხეილ სააკაშვილის ძმის, გიორგი სააკაშვილის თქმით, უკვე მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ რომელი პარტიის მომხრეა, ვინაიდან საუბარია ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაზე.
“მართლა ძალიან რთული სიტუაციაა, ვგეგმავთ რა თქმა უნდა, რეგიონებში ჩასვლას, ხალხთან საუბარს მაგრამ დრო არ ითმენს. უნდა ვიმოქმედოთ, რაც შეიძლება უფრო აქტიურად, თქვენი იმედი მაქვს. მართლა, აქ უკვე მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელი პარტიის მომხრე ხართ აქ არის ადამიანის სიცოცხლეზე საუბარი, უნდა გადავარჩინოთ მიშა. მე მაქსიმალურს ვიზამ, რომ ჩემი ძმა ვნახო გამოჯანმრთელებული, ვგულისხმობ, გაყვანილი იქნას საზღვარგარეთ, მულტიფუნქციურ კლინიკაში”, – ამბობს გიორგი სააკაშვილი.
მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისმა უფლებადამცველმა, შოთა თუთბერიძემ მოინახულა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია. ადვოკატი თხოვნით მიმართავს ყველა ექიმს, რომ გულისხმიერება გამოიჩინონ და გააგრძელონ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგი.