რუსული ნავთობით დატვირთული გემი, ბათუმის პორტში დგას – რუსული დროშის ქვეშ მცურავი, “ეს-ვი-ელ პრაიდი”, (SVL PRIDE ) საქართველოში, გუშინ, დაახლოებით საღამოს 6 საათზე, პორტ “კავკაზიდან” შემოვიდა. სავარაუდოდ, სანქცირებული ნავთობი, რუსულ სანქცირებულ კომპანიას ეკუთვნის, და გამორიცხული არ არის, რომ ნავთობის სხვა გემზე გადატვირთონ და რუსულმა კომპანიამ, ამ გზით, სანქციებს გვერდი აუაროს.
ინტერნეტსაიტზე, სადაც ყველა ხომალდის მონაცემები ფიქსირდება აღნიშნულია, რომ SVL PRIDE არის რუსეთში რეგისტრირებული ხომალდი, ის ამჟამად ბათუმის პორტში დგას. ამ ხომალდმა საქართველოში ნავთობპროდუქტი ჩამოიტანა.
ბათუმის ნავსადგურის პროფკავშირების ხელმძღვანელმა, ამირან მიქელაძემ უარყო, რომ ტვირთი ბათუმის ნავსადგურს ეკუთვნის. ის ამბობს, რომ რადგან ხომალდი უნავმისადგომო ნავმისადგომთან დგას, მიმდინარეობს ნავთობპროდუქტების ჩატვირთვა და ტვირთი ბათუმის ნავთობტერმინალს ეკუთვნის.
“ჩვენ არ ვართ მაგის ოპერატორები, რა ტიპის ნავთობია ეგ არ ვიცით და საიდანაა არც ეგ ვიცით”,- ამბობს ამირან მიქელაძე.
თავად ნავთობტერმინალის ხელმძრვანელი, ლევან გურგენიძე კი ამბობს, რომ მისთვის უცნობია გემის წარმომავლობა, მაგრამ ამტკიცებს, რომ ხომალდმა ნამდვილად ჩამოიტანა ნავთობპროდუქტი, მაგრამ ეს არ არის რუსული ტვირთი და ეკუთვნის ყაზახეთს.
“ხომალდი რომელი დროში ქვეშ არის, ჩვენი კომპეტენციის მიღმაა. საბოლოო დანისნულების ადგილს ვერ გეტყვით, ეს არის ყაზახური წარმოშობის ნავთობი. ყაზახურ ნავთობტერმინალში რომ ყაზახური ნავთობი ხვდება, ამაში უცნაური არაფერი უნდა იყოს. მილსადენების გააქტიურების ფონზე ეს ნავთობი დაიკარგა საქართველოს დერეფნიდან და ახლა ბოლო ცნობილი მოვლენების ფონზე გადაწყვიტა მესაკუთრემ, რომ ტვირთი გამოეშვა ჩვენს დერეფანში”,- ამბობს ნავთობტერმინალის ხელმძღვანელი, ლევან გურგენიძე.
ოფიციალური ცნობით, რუსეთის დროშის ქვეშ მცურავმა ხომალდმა, რომელიც რუსული პორტიდან შემოვიდა, რუსული ნავთობი შემოიტანა.