ოქსანა ზაბუჟკო ცნობილი უკრაინელი რომანისტი, პოეტი და ესეისტია. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც მან რადიო თავისუფლებას მისცა:
ეკა ქევანიშვილი: ოქსანა, როგორ ხართ?
ოქსანა ზაბუჟკო: ძალიან დაკავებული – ახლა ყველაზე მოკლე პასუხი ასეთია.
ეკა: ხანდახან თითქოს უფრო ადვილია, როცა თავზე ბევრი საქმე გაყრია, არა?
ოქსანა: როგორ გითხრა, ახლა ეს უბრალოდ მშველის, დავიჯერო, რომ მე ისევ ჩემს ლიტერატურულ ტურში ვარ, რისთვისაც წამოვედი პოლონეთში ომის დაწყების წინადღეს.
ეკა: კი, მახსოვს, ამას ფეისბუკზეც წერდით.
ოქსანა: 23 თებერვალს ჩემი ახალი წიგნი გამოჩნდა პოლონეთის წიგნის მაღაზიებში. აქ სწორედ მაგ დღეს ჩამოვედი სამდღიანი, ძალიან დატვირთული და გაწერილი გეგმით – უამრავი ინტერვიუ მქონდა ჩანიშნული, საჯარო კითხვა, შეხვედრები… ვფიქრობდი, რომ 26-ში დავბრუნდებოდი სახლში. მაგრამ 24 თებერვალს, დილის ექვს საათზე, ჩემა მეუღლემ დამირეკა და მითხრა, რომ დაიწყო. პირველ დღეს ფრენა უბრალოდ გადაიდო, ვერ წავედი. მაინც მქონდა იმედი, რომ შაბათს აუცილებლად გავფრინდებოდი, მაგრამ ფრენები საერთოდ გაუქმდა.
ეკა: მხოლოდ ხელბარგით იყავით ხომ წასული?
ოქსანა: კი, ლეპტოპიც კი არ წამიღია. ვიფიქრე, რაში დამჭირდება ამ სამ დღეში, თუ რამე, მობილური ტელეფონიც მეყოფა-მეთქი.
ეკა: თქვენ მოგზაურობას პირობითად „ყველაზე გრძელვადიანი მივლინება“ უწოდეთ და მკითხველს დაჰპირდით, რომ ამაზე წიგნს დაწერდით.
ოქსანა: უკვე ვწერ კიდეც. ეს იქნება წიგნი ამ ომის კონტექსტზე. როგორ მოხდა, რომ დასავლეთს გამოეპარა „ახალი ჰიტლერის“ აღზევება. როგორ გამორჩათ ძალიან მკაფიო განგაშის სიგნალები, რაც ამ ბოლო ოცი წლის განმავლობაში გაისმოდა? ჯერ საქართველო გამორჩათ, შემდეგ 2014 წელი გაატარეს. მოკლედ, ომის პირველი დღეები ჩემთვის შეხვედრებსა და ასეთ საუბრებში გავიდა – სადაც ხელი მიმიწვდებოდა, ყველგან ვლაპარაკობდი. ამით მეორე კითხვასაც დავუბრუნდები – ეს დატვირთულობა თითქოს იმის შეგრძნებაში მეხმარებოდა, რომ რაღაცას ვაკეთებ. ასე შემაქვს მეც წვლილი უკრაინის გამარჯვებაში.
ეკა: ჯერ მანდ რჩებით, როგორც მივხვდი.
ოქსანა: კი. ჯერ არ ვარ დარეგისტრირებული როგორც ლტოლვილი, რადგან აქ ყოფნის კანონით დადგენილი ვადა (90 დღე) არ გასულა, თუმცა, ალბათ, მომიწევს მაინც ამის გაკეთება. მე აქ მარტო ვარ, ჩემი ოჯახი უკრაინაშია გაფანტული. ეს კარგიცაა, რადგან უკვე ნათელია, რომ ჩვენ მოვიგებთ ამ ომს – სხვა საქმეა, რა ფასად, ფასი მართლაც კატასტროფულად მაღალია, რადგან რუსეთმა ყველაფერი დაანგრია, რასაც უკრაინის მიწაზე ხელი დაადო. ეს ზუსტად ისეთი შეგრძნებაა, თითქოს სახლში მძარცველები შემოგიცვივდნენ… ისე, ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც თავიდან დატოვა უკრაინა, მაგრამ ახლა ბრუნდებიან კიევში, სიცოცხლე ბრუნდება იქ, მაგრამ განგაშის სიგნალი მაინც ირთვება. საშინელებაა. ჩემი ქმარი მეუბნება, აქ ვერ იმუშავებო… და რადგან მე აუცილებლად უნდა ვიმუშაო, რაღაცნაირად ვარწმუნებ ჩემს თავს, რომ თან ლიტერატურულ ტურში ვარ და თან სამწერლო რეზიდენციაში, ოღონდ დროებით.
ეკა: როგორ შეგრძნებაა, როცა გგონია, რომ სახლიდან სამი დღით წახვედი, უცებ იწყება ომი და უბრალოდ არ იცი, როდის დაბრუნდები.
ოქსანა: საშინელი. საშინელი შეგრძნებაა. მე, ზოგადად, მოგზაური ვარ. ბევრს დავდიოდი და უკრაინის გარეთაც თვეობით მიცხოვრია, მაგრამ ეს აბსოლუტურად განსხვავებული შეგრძნებაა, როცა ისიც კი არ იცი, როდის კი არა, საერთოდ თუ დაბრუნდები შენს ქვეყანაში.
ეკა: მანდ ვისაც ხვდებოდით, რა რეაქცია ჰქონდათ, რას გეუბნებოდნენ?
ოქსანა: პირველ დღეებში აქ უბრალოდ არავის სჯეროდა, რომ რუსეთი ამას გაბედავდა. სადაც ახლა ვარ, აქ, ამ ადამიანებმა მართლაც მიიღეს ეს ომი თავის ომად. მათ ესმით, რომ როგორც 2008 წელს ვამბობდით, დღეს თბილისია, ხვალ კი სამიზნე კიევი იქნება, რას ნიშნავს, როცა ახლა ვამბობთ – დღეს კიევია, ხვალ ვარშავა იქნება. და ვარშავა ადეკვატურად უპასუხებს ამ მუქარას, ამ საშიშროებას. მაგრამ მიუხედავად ამისა, დასავლეთი აბსოლუტურად მოუმზადებელი შეხვდა იმას, რომ რუსეთს, შესაძლოა, ვერ გაემარჯვა. მთელი ეს სიმპათიის, თანაგრძნობის ტალღა, რომელიც წამოვიდა, ჩემთვის თავიდან ყველაფერს აუარესებდა, რადგან მათ ეს სიმპათია ჩემი, როგორც მსხვერპლის მიმართ ჰქონდათ, რომელიც უკან, შესაძლოა, ვეღარ დაბრუნებულიყო. ერთმა მეგობარმა ისიც კი მითხრა, შენ ახლა თომას მანივით ხარო. მადლობა, ვუპასუხე, მე არ მჭირდება ვიყო თომას მანის ადგილას, მე მაქვს ჩემი ქვეყანა, რომელსაც ვეკუთვნი, ჩემი მკითხველი. აქ კი სულ მაქვს დანაშაულის განცდა, რომ მშვიდად, სუფთა თეთრეულში მძინავს. ამ დროს კი, ხარკოვში, ის ადამიანები, ვისთან ერთად საუბარშიც ჯერ კიდევ იანვარში, ღამეებს ვათენებდი, ვგეგმავდით ძალიან საინტერესო კულტურულ პროექტებს, რაც ამ ქალაქში უნდა გაგვეკეთებინა, სარდაფებში იმალებიან. არც კი ვიცი, შევხვდები თუ არა მათ ისევ. და როცა პირველ დღეებში მე ვამბობდი, რომ არა, კიევი არასოდეს დაეცემა, აქ ვიჭერდი გამოხედვებს, თანაგრძნობის, უიმედობის. ამბობდნენ – კარგი, ჩვენ ვილოცებთ თქვენთვის, მაგრამ არავის სჯეროდა ამის. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს რაღაც სივრცეში დავიკარგე.
ეკა: ვარშავაში ყოფნის პირველ დღეებში გქონდათ ეგ შეგრძნება?
ოქსანა: კი. მალევე. ერთ საღამოს, როცა ტაქსის ფანჯრიდან გავიხედე და უცნაური „ფლეშბეკი“ ჩამერთო – ახლა მარჯვნივ გავუხვევთ, მერე ზემოთ და სახლში მივალთ, ვიფიქრე და უცებ მივხვდი, რომ არა, ეს დნეპრი არ არის, ეს ვისლაა. ეს კიევი არ არის, ეს ვარშავაა. არ იყო კარგი შეგრძნება.
ეკა: როგორ ფიქრობთ, რაიმე რესურსი ამ ომის მერე დარჩება, რომ რუსებს საერთოდ დაელაპარაკონ უკრაინელები? როგორი ურთიერთობა შეიძლება ამ ორ ერს, ქვეყანას ჰქონდეს?
ოქსანა: ყველაფერი გაცილებით უფრო რთულადაა. იმიტომ, რომ ეს არ არის ლოკალური ომი. ამ ყველაფრის ფესვები გაცილებით ღრმად მიდის და მართლაც იმსახურებს დიდ წიგნს. თუმც კი ველოდები, რომ შემოდგომაზე უკვე უამრავი წიგნი გამოჩნდება წიგნის მსოფლიო ბაზარზე უკრაინის შესახებ – ეს გასაგებია, კომერციია, მაგრამ შემიძლია წარმოვიდგინო, რამდენი სისულელე ეწერება ამ წიგნებში… პუტინმა წლების წინ გამოაცხადა, რომ უკრაინელები და რუსები ერთი ერია – ამ განცხადებაში ძალიან საშიში მესიჯია დამალული, რადგან თუ უნდა იყოს ერთი ერი, ეს ნიშნავს, რომ ორი ერიდან უნდა დარჩეს მხოლოდ ერთი – ანუ მეორე გაქრეს. აი, სწორედ ესაა, რასაც დღეს პუტინი ამტკიცებს გამუდმებით. მათი იდეაა, რომ არ უნდა იყოს ასეთი ქვეყანა, უკრაინა, არ უნდა იყოს ეს ხალხი. რუსეთში სიტყვა უკრაინულსაც კი ხაზავენ უკვე, უკრაინულ ბორშთან მიმართებითაც კი – დავუძახოთ ამას პარანოია, ეს ფაქტია. ისიც ფაქტია, ჩვენ ეს ომი არ დაგვიწყია. იცით, დღეს რა არის საკითხავი? რუსები, როგორც ერი, გადარჩებიან თუ არა. ამას წინათ, ხერსონთან, ჩეჩნები და ბურიატები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, მსხვერპლიც იყო – აი, რა უნდათ, რატომ ებრძვიან ისინი ერთმანეთს აქ, უკრაინის ტერიტორიაზე? ეს ნათელი სურათია იმისა, როგორ ქრებიან რუსეთის ტერიტორიაზე დასახლებული ეს ერები, რომლებსაც უბრძანეს გამხდარიყვნენ რუსები, უბრძანეს ემსახურონ იმპერიას, ისე, როგორც საბჭოთა დროს. ის, რაც დღეს რუსეთში ხდება, მე ვარ, მე გაჩვენებ, მე დაგანგრევ, მე გასწავლი, რუსეთი ისევ დიდი იქნება, ეს ზუსტად ისეთივე ფსიქოლოგიური კომპლექსია, რაც კვებავდა ნაციზმს გერმანიაში პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ… არ ვიცი, ეს ავადმყოფი საზოგადოებაა. და იმის მაგივრად, რომ დღეს რუსმა ინტელექტუალებმა ეძებონ გზა უკრაინელებისკენ, ჯობს იფიქრონ თავიანთ პერსონალურ პასუხისმგებლობაზე მთელ ამ პროცესში. მათი საქმეა ეს.
ეკა: როგორ ფიქრობთ, რატომ არ გამოდის რუსი ხალხი გარეთ? რატომ ვერ აპროტესტებს იმას, რაც დღეს ხდება უკრაინაში?
ოქსანა: ხალხის განწყობა, ზუსტადაც რომ შემიძლია გავიგო. მათ ეშინიათ. ეშინიათ, რომ არაფრისთვის შესაძლოა 15 წლით ციხეში ჩასვან. იქ არავინ თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს. და კი, ეს საცოდავი საზოგადოებაა, რომელიც ტოტალიტარიზმში ცხოვრობს.
ეკა: თქვენ დაწერეთ, რომ ეს რუსეთისთვის მათი ბოლო ომი იქნება. გჯერათ ამის?
ოქსანა: კი, ეს ომი იქნება ისეთი რუსეთის დასასრული, როგორიც ის ახლაა. ამავე დროს, ის, რაც დღეს ხდება, რაშიც ჩვენ უმაღლეს ფასს ვიხდით, არის შანსი ყველასთვის, დაინახონ რუსეთი, როგორიც ის არის სინამდვილეში. დაინახონ, რომ ის, დედამიწაზე სიცოცხლისთვის გაცილებით საშიშია, ვიდრე ფაქტი, რომ მან, როგორც ქვეყანამ, დღევანდელი ფორმით შეწყვიტოს არსებობა.
ეკა: ახლა რას მოელით?
ოქსანა: მე გამარჯვებას ველოდები.
რადიო თავისუფლება