“მარტო ვცხოვრობ – აღარც შვილი მყავს, აღარც ქმარი, დედა, ნათესავებიც გარდაიცვალნენ… მართალია, ასაკოვანი ვარ, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობ. მუსიკოსი ვარ, ჯაზმენი, სხვანაირი მოხუცი ვარ, სხვანაირი კონსტრუქცია მაქვს. სიყვარულით ვარ სავსე… ვარსკვლავი ხარო, მეუბნებიან, თუ ვარსკვლავი ვარ, იცით, როგორ უნდა ვიყო? უნდა შემეძლოს, უკრაინაში სოლიდური თანხა გავგზავნო და გაუბედურებულ ხალხს დავეხმარო!“
“გასტროლებზე რუსეთის სოფლებში მიწევდა გასვლა, ვერც წარმოიდგენთ, როგორ ღარიბულად ცხოვრობენ! ხის ასფალტები და პატარა სახლები სულ ტალახით იყო გალესილი. საშინელი სიღარიბე იყო და რაში სჭირდებათ ამდენი მიწა, როცა თავისი სოფლებისთვის ვერ მოუვლიათ?!” – ამბობს ქართველი ჯაზმუსიკოსი, 87 წლის გიული ჩოხელი. იგი რუსეთ-უკრაინის ომს განსაკუთრებულად მტკივნეულად განიცდის, რადგან უკრაინაში მის გასტროლებს ყოველთვის დიდი ტრიუმფი ახლდა და ამ ქვეყანასთან საუკეთესო მოგონებები აკავშირებს:
”რაც დღეს ხდება, ჩემთვის განსაკუთრებულად მტკივნეულია, რადგან შვილი დამეღუპა და ვიცი, რას ნიშნავს ტრაგედია, ის ენით აღუწერელი უბედურება, რასაც ახლა ამდენი ხალხი განიცდის… სატანა ვლადიმირ პუტინი დიდი ხნის წინ უნდა დაესვათ ელექტროსკამზე! რუსეთმა ჯერ საქართველოში რა ჩაიდინა 2008 წელს! ახლა კი იგივე სცენარი უკრაინაში განმეორდა…
კონცერტებს მთელ საბჭოთა კავშირში ვმართავდით, უკრაინაში ჩასვლა კი განსაკუთრებით მიხაროდა. ძალიან დიდი საკონცერტო დარბაზი ჰქონდათ. თავიდან ორი ან სამი კონცერტი იყო ხოლმე დაგეგმილი, მაგრამ ათი დღე მაინც გვტოვებდნენ. ზღვა ხალხი მოდიოდა, ძალიან უყვარდათ ჯაზი და მეც განსაკუთრებულ სიყვარულს ვგრძნობდი.
ჩემი მაზლის ცოლი უკრაინელია. ჩვენ ერთად ძალიან ბევრი წელი გვაქვს გატარებული, მოსკოვში ცხოვრობდა, მე კი მოსკოვში ყოფნა ხშირად მიწევდა. უკრაინასთან იმდენი კარგი რამ მაკავშირებს, გეფიცებით, მართლაც ძალიან ცუდად ვარ ამ ომის გამო…
რუსებს სათავეში სატანა ჰყავთ. ბავშვები დაიხოცნენ და ოდნავი სინანული არ ეტყობა. დიქტატორი კი არა, ფაშისტია! რა სასამართლო და ცივილიზებული მიდგომა უნდა, ჩასვამენ, ვთქვათ, ათი წელი, მერე გამოვა და ისევ უამრავ ადამიანს შეიწირავს!” – აცხადებს გიული ჩოხელი.
კვირის პალიტრა