გაძვირდება თუ არა ზეთი – რუსეთი ზეთზე საექსპორტო გადასახადს 153 დოლარით ზრდის

bpn.ge 1-ლი ივნისიდან რუსეთიდან მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო გადასახადი ტონაზე 372,3-დან 525 დოლარამდე გაიზრდება. მზესუმზირის შროტზე კი – 96,3 დოლარიდან 105 დოლარამდე ტონაზე. ინფორმაციას რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს..

აპრილში საექსპორტო გადასახადი ტონაზე 313 დოლარს შეადგენდა, მარტში 260 დოლარი იყო, თებერვალში – 251 დოლარი, იანვარში – 280,8 დოლარი, 2021 წლის დეკემბერში – 276,7 დოლარი, ნოემბერში – 194,5 დოლარი, ოქტომბერში – 227,2 დოლარი, სექტემბერში – 169,9 დოლარი ტონაზე.

მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე მცურავი გადასახადი რუსეთის ფედერაციაში 2021 წლის 1-ლი სექტემბრიდან შემოვიდა. მისი ზომა 70%-ით დამოკიდებულია საბაზისო ფასის სხვაობაზე (1000$ ტონაზე) და საორიენტაციო ფასს შორის შემცირებული კორექტირების ფაქტორის მნიშვნელობაზე ($50 1 ტონაზე).

„მზესუმზირის დემპფერის“ მექანიზმი 2022 წლის 31 აგვისტომდე იმოქმედებს.

აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში საქართველოში ზეთის მთავარი იმპორტიორი რუსეთი იყო. თუმცა მარტში სიტუაცია ოდნავ შეიცვალა და რუსეთმა მთავარი იმპორტიორის სტატუსი „დაკარგა“. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის მარტში საქართველოში 511 ტონა ზეთის იმპორტი განხორციელდა, ჯამში 820,9 ათასი დოლარის ღირებულების. ყველაზე დიდი რაოდენობით პროდუქტი ქვეყანამ აზერბაიჯანში იყიდა – 270,9 ტონა, 495,8 ათასი დოლარის ღირებულების. რუსეთიდან იმპორტმა კი 239 ტონა შეადგინა, ჯამში 322,7 ათასი დოლარი.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share