ორ თვეზე მეტია, რაც უკრაინა მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. ომმა, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ყველა სხვა მოვლენა გადაფარა. იღუპება უდანაშაულო ხალხი: ქალები, ბავშვები, მოხუცები, რაც დიდი სტრესია. ამ მტკივნეულ საკითხზე ფოტოჟურნალისტ გოგა ჩანადირს “კვირის პალიტრა” ესაუბრა:
”ეს სასტიკი, დაუნდობელი ომია, რომელსაც დავითისა და გოლიათის შებრძოლებას შევადარებდი. ძალიან განვიცდი, რაც უკრაინაში ხდება, რადგან ეს ქვეყანა განსაკუთრებით მიყვარს და მეძვირფასება. ჩვენ საერთო პრობლემები გვაქვს, თავად ავირჩიეთ გზა, რომ საკუთარი ქვეყანა თვითონ უნდა ვმართოთ და არა – სხვისი მითითებით. საუბედუროდ, რუსეთმა “უფროსი ძმის” კომპლექსი ვერა და ვერ მოიშორა. ის ფიქრობს, რომ შეუძლია “უმცროს ძმებს” თავში წამოარტყას და დამოუკიდებელი არსებობა აუკრძალოს. იცით, გული რაზე მწყდება? რომ ამ ურთულეს სიტუაციაში ქართველები ერთმანეთთან კინკლაობას გადავყევით, ჩვენი პოლიტიკოსები უკრაინაშიც კი ცალ-ცალკე წავიდნენ… განსხვავებული პოზიცია გვაქვს თითქმის ყველა საკითხში, არადა, ჩვენი სახელმწიფოს მთავარი დევიზია “ძალა ერთობაშია”. ოდესმე ხომ უნდა დადგეს დრო, როცა ეს დევიზი სინამდვილედ იქცევა?
რუსული ჯარი ყოველთვის ველურივით იქცევა იმ ტერიტორიაზე, სადაც შეიჭრება. ასე მოხდა თავის დროზე საფრანგეთში, მეოცე საუკუნეში კი – გერმანიაში. 2008 წელს საქართველოში ნაკლები ბოროტება ჩაიდინეს? სხვათა შორის, ბაგრატის ტაძრის დანგრევაც მათ სინდისზეა: რუსებმა პირდაპირ დაუშინეს ზარბაზნები იქ გამაგრებულ თურქებს და ეს უძველესი ტაძარი ნანგრევებად აქციეს. მათთვის ფასეულობა არ არის არც ადამიანის სიცოცხლე, არც – ეკლესია, არც – კულტურული მემკვიდრეობა. ამ ურდოს მხოლოდ მიზნის მიღწევა აინტერესებს და ვერც კი ხვდება, რომ მიზანი ყოველთვის არ ამართლებს საშუალებას. რუსული არმიის მორალი არ ეფუძნება ადამიანურ ღირსებას და თავისუფლებას. მითი, რომ ეს არმია უძლეველია, უკრაინელებმა დაამსხვრიეს.
რუსული არმიისთვის უდანაშაულო ბავშვების, ქალებისა და მოხუცების დახოცვა პრობლემა არ არის. ისინი ქალაქებსა და სოფლებს განურჩევლად ბომბავენ და უკრაინელებს აიძულებენ, თავიანი საცხოვრებელი მიატოვონ. ეს გენოციდია, აბა, რა არის? გენოციდია ის, რაც ბუჩაში, მარიუპოლსა და სხვა ქალაქებში მოხდა, თუმცა, არ მიკვირს, რომ დასავლეთი ჯერ არ ჩქარობს ამის აღიარებას. ის ცდილობს, ყველაფერი სამართლებრივად, ფაქტების საფუძველზე დაამტკიცოს. ადრე თუ გვიან, ბევრს მოუწევს თავის მართლება ჰააგის სასამართლოს წინაშე და დიდი იმედი მაქვს, რომ მათ შორის პუტინიც იქნება.
თუ რუსეთს მეზობლებთან ურთიერთობის მოგვარება უნდა, დიპლომატიის ენით უნდა ლაპარაკობდეს, მაგრამ ამ ქვეყნის პოლიტიკა უცვლელია – თავში ხელი უნდა წამოგარტყას და გაიძულოს, მის ძალას პატივი სცე. მგონი, ყველა ხვდება, რომ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა მხოლოდ მაშინ მოხერხდება, თუ იქ ნორმალური ხელისუფლება მოვა.
უკრაინელმა ერმა სრულად შეიგრძნო თავისუფლების ფასი, დასავლეთის სრული მხარდაჭერა მოიპოვა და მორალურად უკვე გამარჯვებულია. ერთი ან ორი ქალაქის აღება გამარჯვებას არ ნიშნავს. შეიძლება ეს ომი გაჭიანურდეს, მაგრამ უკრაინა აუცილებლად დაიბრუნებს წართმეულ ტერიტორიებს და გაიმარჯვებს. ჩემი ნატვრაა, ამ სანუკვარ მიზანს ქართველებმაც მივაღწიოთ.” – აცხადებს ჩანადირი.