“…მე იმ ასაკის კაცი ვარ, სამამულო ომიც რომ მახსოვს. მაშინ 7 წლის ვიყავი და იმ ასაკის ბავშვს რაც უნდა დამახსოვრებოდა, ყველაფერი კარგად მახსოვს… მაშინ ნამდვილად არ ხდებოდა ასეთი საშინელება და სისასტიკე, რისი მომსწრეც დღეს გავხდით. წამოყო თავი ამ ურჩხულმა და ირგვლივ ყველაფერი გაატიალა!” – ამბობს მსახიობი ჯემალ ღაღანიძე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომზე ”კვირის პალიტრას” ესაუბრა:
”89 წლის კაცი ვარ და ვერაფრით წარმოვიდგენდი, ამას თუ კიდევ მოვესწრებოდი, ამ ეპოქაში ვინმე თუ გაბედავდა ეს ამბები დაეტრიალებინა! რომელი საუკუნეა?! ნამდვილი ომი გააჩაღო და ქვეყნიერება ამოწყვიტო?! ეს როგორ შეიძლება?! ძალიან განვიცდი, რაც ხდება…
ქართველი ხელოვანები, რუსთაველის თეატრი ძალიან ხშირად ჩავდიოდით უკრაინაში. დღეს სულ მახსენდება ის გასტროლები, შეხვედრები, ხალხი რომ თვეებით ადრე იძენდა ბილეთებს და გველოდებოდა. ყოველი ჩვენი იქ ჩასვლა ძალიან დიდი დღესასწაული იყო. ვერც მოვთვლი, რამდენჯერ ვართ ნამყოფი კიევში, უკრაინის სხვა ქალაქებში. საოცრად თბილი და კარგი ხალხია.
ძალიან მეშინია, რაც უკრაინაში ხდება, საქართველოშიც არ გადმოვიდეს, არადა, ყველაფერია მოსალოდნელი, ამიტომ დიდი სიფრთხილე გვმართებს – კიდევ ერთ ომს ჩვენი ქვეყანა ვეღარ გაუძლებს! ამხელა სახელმწიფოები ვერ უძლებენ, ხომ ვხედავთ, რა უბედურებაც ტრიალებს!
მე იმ ასაკის კაცი ვარ, სამამულო ომიც რომ მახსოვს. მაშინ 7 წლის ვიყავი და იმ ასაკის ბავშვს რაც უნდა დამახსოვრებოდა, ყველაფერი კარგად მახსოვს. მაშინ ნამდვილად არ ხდებოდა ასეთი საშინელება და სისასტიკე, რისი მომსწრეც დღეს გავხდით. წამოყო თავი ამ უბედურებამ, ურჩხულმა და ირგვლივ ყველაფერი გაატიალა!
ყური მოვკარი, სადღაც პუშკინის ძეგლი დაანგრიეს, რახმანინოვის, ჩაიკოვსკის მუსიკა აკრძალესო და დიდი სისულელეა ეგ, კაცო! იმათ რას ერჩიან?! ასე გაგრძელება ყოვლად შეუძლებელია! რახმანინოვის და ჩაიკოვსკის მუსიკაზე უარი როგორ უნდა თქვა?! მსოფლიოს განძია ეგ ხალხი და თუ მათი ყველაფერი უარვყავით, საით წავა ჩვენი ცხოვრება?! ამ გენიოსების ეროვნების მიხედვით დაყოფა არ შეიძლება. როგორც ხელოვნებას არ აქვს საზღვრები, ისე მათ შემოქმედებას – ეროვნება!” – აცხადებს ღაღანიძე.