“საბავშვო ბაღი ხომ არ არის?!…გვითხარით, რომელი მუხლით ხელმძღვანელობთ”-მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის კვეთის საქმეზე მესამე პრეზიდენტის მორიგი პროცესი გაიმართა.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენა – უფლებადამცველებმა მოითხოვეს, მიხეილ სააკაშვილთან ცენტრ “ემპათიას” ექსპერტთა ჯგუფი შევიდეს, რომელიც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას დააკვირდება და მკურნალობის შესაბამის პროტოკოლს შეადგენს. მოსამართლის თანხმობას დარბაზში ელოდებოდა “ემპათიას” ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანიც.

შუამდგომლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად მოსამართლემ 15-წუთიანი შესვენება გამოაცხადა, თუმცა სხდომა თითქმის 1 საათის შემდეგ განახლდა. მოლოდინის მიუხედავად, ნინო ჩახნაშვილმა თქვა, რომ ახლა წერილით პენიტენციურ სამსახურს უნდა მიმართოს და მათი პოზიცია მოისმინოს, გადაწყვეტილებას კი ამის შემდეგ მიიღებს.

“დამატებით გავგზავნით წერილს პენიტენციური სამსახურის პოზიციასთან დაკავშირებით, პასუხის შემდეგ სასამართლო იმსჯელებს 16 ან 17 მაისს”, – თქვა მოსამართლემ.

ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა მას მიუთითა, რომ შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად 48-საათიანი ვადა აქვს.

“48 საათი გაქვთ შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად. არ გაინტერესებთ კანონი? რა დამატებითი პოზიცია გაინტერესებთ? გაგზავნილი გვაქვს წერილი და უარია. რომელი მუხლით ხელმძღვანელობთ?”, – მიმართა უფლებადამცველმა.

მას მოსამართლემ ასე უპასუხა: “აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ უკვე განმარტა…”.

მოსამართლის გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. ჩახნაშვილმა ვერ შეძლო დასაბუთება, რა საჭირო იყო პენიტენციური სამსახურისთვის დამატებით მიმართვა მაშინ, როდესაც ციხის ადმინისტრაციის პოზიცია ისედაც ცალსახაა.

“ეს არის ტრაგიკომედია. ხელისუფლება არ ზრუნავს, რომ თუნდაც სახე შეუნარჩუნოს მის მორჩილ მოსამართლეებს სასამართლო სხდომათა დარბაზში და მხარეების დასაცინი არ გახადოს, როგორ მდგომარეობაშიც დღეს ნინო ჩახნაშვილი ჩააგდეს. ჯერ ჩვენს შუამდგომლობაზე პასუხისთვის გვითხრა, რომ 19 მაისს გაგრძელდებოდა პროცესი, ისე, რომ მიზეზსაც ვერ ვიგებდით და როგორ გაირკვა, შემდეგ ეს მიზეზი დაასახელა. საბოლოო ჯამში მივუთითეთ, რომ ეს დოკუმენტი, რაც თურმე უნდა წარმოგვედგინა 19 მაისს, სინამდვილეში წარდგენილი გვქონდა, შუამდგომლობის დანართი იყო. ამის შემდეგ 15 წუთიანი შესვენება გამოაცხადა, სათათბიროდ გავიდა და ვნახეთ 1 საათზე მეტხანს გაგრძელებული შესვენება, რომლის შემდეგ დაბრუნებულმა მოსამართლემ ისევ გაუგებარი მიზეზით თქვა, რომ 16 მაისს გაგრძელდება სხდომა, ისე, რომ არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. აღმოჩნდა, რომ ხელისუფლება არ არის ჩამოყალიბებული, რა გადაწყვეტილება უნდა მიეღო, შესაბამისად ნინო ჩახნაშვილმა ისე გადადო სხდომა, რომ ვერც კი განმარტა მიზეზი”, – თქვა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

საქმეზე მომდევნო სხდომა 16 მაისს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share