“რესპუბლიკური პარტიის” ყოფილი წევრი, დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით, პოსტს აქვეყნებს:
“იმდენ ორმხრივ სისულელეს ვკითხულობ ბიძინას სანქცირებაზე, რომ კი არ მინდოდა არაფრის დაწერა, მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა თქვას რაღაც რეალობას მიახლოებული მაინც. სამწუხაროდ მოკლედ თქმა არ გამოდის და იძულებული ვარ ცოტა გრძლად ვთქვა.
ა) ბიძინას არავინ დაადებს არანაირ სანქციებს. რუსეთის მოქალაქე პუტინისტი ოლიგარქების მხოლოდ ერთი ნაწილია სანქციების ქვეშ და არცერთი სომეხი, არცერთი ყაზახი და არცერთი არაბი ბიზნესმენი. ახლა ვიღაცას შეიძლება ბიძინა უფრო პუტინისტი ჰგონია ვიდრე მთელი სომხეთი და არაბული სამყარო ერთად აღებული, მაგრამ დასავლეთში ასე არ ფიქრობენ. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ბიძინას სანქცირება სამების და სვეტიცხოვლის არა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების სანქცირებას ნამდვილად ნიშნავს (ძალიან გთხოვთ ამაზე სერიოზული კამათი არავინ დამიწყოთ), რაც თავის მხრივ ნიშნავს, რომ საქართველო ჩაეწერება ბელარუსის მსგავსი ქვეყნების რიგში, არც ევროკავშირის კანდიდატად არავინ მიიღებს და საერთოდ სანქცირებული საქართველო გაცილებით მეტად მოექცევა რუსეთის გავლენის სფეროში, თუ საერთოდ რუსეთის სატელიტი არ გახდა. ეს ყველაფერი ძალიან კარგად ესმით დასავლეთში. ამიტომაც ელოლიავებიან ამ ხელისუფლებას და მათ ბრიყვულ განცხადებებს ძალიან ფრთხილად და კორექტულად პასუხობენ. ასევე საგულისხმოა, რომ ბიძინას სანქცირებაზე ოპოზიციის ყიჟინა სერიოზულად აფრთხობს ოცნების ამომრჩეველთა ზომიერ ნაწილს და საგრძნობლად ზრდის პოლარიზაციას და ნაც-ქოცურ ურთიერთაუტანლობას.
3. ამ ვითარებაში კარგი ამბავი მხოლოდ ისაა, რომ შიდაპოლიტიკური სპექტრის ნაც-ქოცურ არაადეკვატურობა ნაკლებად განსაზღვრავს საერთაშორისო დღის წესრიგს და საქართველოს ადგილს ამ დღის წესრიგში. დასავლეთი არ აპირებს საქართველო დაუთმოს რუსეთს, ამიტომ ყველანაირად შეეცდებიან ეს ქვეყანა მიათრიონ არჩევნებამდე და მანამდე რამე ინსტიტუციური რეფორმის მაგვარი მაინც გამოღლიტონ ქოცებს “ყვავს კაკალი გააგდებინე” პრინციპით. აი, არჩევნებზე რა მოხდება და როგორ, ეგ კიდევ ცალკე თემაა, მაგრამ ამას აქ არ დავწერ.
ეჭვი მაქვს ორმხრივ რისხვას გამოვიწვევ, მაგრამ სიმართლე თუ გინდათ ესაა და თუ არ გინდათ გაგება, ნუ გინდათ. მეტი არაა ჩემი მტერი მე მაგაზე არ ვიდარდო”, – წერს ზურაბიშვილი.