კრედიტ სუისმა ივანიშვილს 2 მილიარდ შვეიცარიულ ფრანკზე მეტი გაუყინა

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილს უფრო მეტი პრობლემა აქვს, ვიდრე ეს ხელოვნების ნიმუშების ლონდონიდან ამერიკაში გადატანა, ან ახალი გერმანული ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანა იყო. წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შვეიცარიულმა ბანკმა ოლიგარქის კუთვნილი 2 მილიარდ 700 მილიონი შვეიცარიული ფრანკი გაყინა, იმ მოტივით რომ ფულის წარმომავლობა, შესაძლოა, იყოს რუსული.

ურთიერთობები ივანიშვილს კრედიტ სუისთან რამდენიმე წლის წინ გაუფუჭდა და მან შვეიცარიულ ბანკს, სასამართლოში უჩივლა. შაბათის ფორმულამ ექსკლუზიურად ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში აჩვენა სხდომა, სადაც ჩვენებას თავად ოლიგარქი აძლევდა. პროცესი ბერმუდაზე მიმდინარე წლის მარტში, ივანიშვილის გამარჯვებით დასრულდა.

29 მარტს კრედიტ სუისმა გამოაქვეყნა პრესრელიზი, სადაც ნათქვამია, რომ ბერმუდას სასამართლოს გადაწყვეტილება არაა საბოლოო და შვეიცარიული კომპანია მის გასაჩივრებას აპირებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი კრედიტ სუისმა 5 მაისს გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ პირველი კვარტლის განმავლობაში 10 მილიარდ 600 მილიონი შვეიცარიული ფრანკის ოდენობის სანქცირებული აქტივები გაყინა.

ამ განცხადებიდან მეორე დღეს განცხადება გაავრცელა ბიძინა ივანიშვილის გარემოცვამაც. მასში ნათქვამია, რომ ივანიშვილის სატრასტო ფონდის მმართველებმა, რომლებიც კრედიტ სუისის დანიშნულები არიან, 2-ჯერ შეაფერხეს თანხების გადარიცხვა, რითაც ოლიგარქს ფინანსური ზარალი მიადგა. განცხადებაში საუბარია იმაზეც, რომ ტრასტის მმართველები ამას აღმოსავლეთ ევროპაში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებით ხსნიდნენ და რომ ასეთი მიდგომა პოლიტიკური ზეწოლის ფორმას იღებდა.

ამასობაში ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა მორიგი განცხადება გაავრცელა. აღმოჩნდა, რომ ივანიშვილს გარკვეული შეფერხებები შეექმნა ლონდონიდან და ნიუ იორკიდან ხელოვნების ნიმუშების გადაადგილებაში. ასევე ამავე პერიოდს დაემთხვა გართულება, რომელიც ივანიშვილის მიერ გერმანიაში ძველის ჩაბარების სანაცვლოდ შეძენილი ახალი ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანას უკავშირდება.

ივანიშვილი შვეიცარიელებს ამჯერად სინგაპურის სასამართლოში უჩივის და კომპენსაციის სახით კიდევ უფრო მეტ ფულს მოითხოვს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share