კატათაგვობანა – გიორგი თარგამაძის ედიტორიალი

თითქმის 10 წელია კატათაგვობანას ვთამაშობთ. ყოველ შემთხვევაში მთელი პოლიტიკური პროცესი დიდი ხანია დაჭერა-გაშვება, მძევლობა-ვაჭრობის პრინციპით მიდის. პროცესი ვითარდებათქო ვიტყოდი, მაგრამ რაც ხდება – ისტორიული ადგილის ტკეპნაა, რომელიც ხან სწრაფად, ხან ნელა, მაგრამ სისტემურად გვძირავს ჭაობში, საიდანაც ახლა მხოლოდ საშველად ამოწეული ხელი გვიჩანს. და ეს ხელის ქნევაც, მედიის ჯერ კიდევ მცდელობაა – ხალხს და დასავლეთს საშველად უხმოს.

სახელმწიფო თითქმის სრულად მიტაცებულია; კონსტიტუცია მხოლოდ ფორმალურად არსებობს; შემაკავებელი და გამაწონასწორებელი ფაქტორები განეიტრალებულია; ღია ანგარიშვალდებულებას და პასუხისმგებლობას მოკლებული ფიგურა კი ქვეყანას მარიონეტული მთავრობის საშუალებით ჩრდილიდან მართავს. ციხე პოლიტიკური პატიმრებით ივსება, ძალადობა და რეპრესია კი პოლიტიკური მიზნების მიღწევისა და კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანების აზრის ჩახშობის ყველაზე გავრცელებული ინსტრუმენტი ხდება; ხელოვნურად უკიდურესად მონოპოლიზებულ მედია გარემოში მთავარი პრობლემა არა პოლარიზება, არამედ ხელისუფლების მხრიდან კრიტიკული მედიის დემონიზება და მარგინალიზაციაა, რაც მმართველი პარტიის მხარდაჭერილი იმ სტრატკომების გამოყენებით ხდება, რომლებიც წესით რუსეთს ჰიბრიდულ ომში უნდა უპირისპირდებოდნენ.

ეს ყველაფერი ქართული რეალობის და ამავე დროს გაფურჩქვნის ფაზაში მყოფი ავტორიტარიზმის ქრესტომატიული აღწერილობაა. სულ ახლახან კი ამ ტორტს თავზე მარწყვივით დაედო მრავალტანჯული ქართული დემოკრატიისთვის ჯერ არნახული ამბავი: ოპოზიციური ტელევიზიის გენერალური დირექტორისა და დამფუძნებლის ციხეში გამომწყვდევა. ბევრს მიაჩნია, რომ სწორედ კრიტიკულმა მედიამ უნდა შეცვალოს დღევანდელი რეალობა. თუმცა, მცდარია ეს აზრიც და მოლოდინიც. ყოველთვის ასე ვფიქრობდი და ახლაც ასე მიმაჩნია. მართალია კრიტიკული მედია დღეს მართლაც არის იმ რამდენიმე კუნძულთაგან ერთ-ერთი და ყველაზე ძლიერი, რომელსაც ხელისუფლება ჯერ ვერ აკონტროლებს, თუმცა ის ძლიერია მხოლოდ საკუთარი მისიისა და ფუნქციის ფარგლებში. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, უფრო საბედნიეროდ ტელევიზიები პარტიებად ვერ და არ ვიქცევით. ისედაც სერიოზულ დისკომფორტს განვიცდით, როდესაც ხელისუფლება გვაიძულებს, ბარიკადზე დავდგეთ, თუმცა ამის სულაც არ გვრცხვენია, რადგან ამით ჩვენი და ჩვენი შვილების ევროპულ მომავალს ვიცავთ.

კრიტიკულმა მედიამ შესაძლოა და ხელი უნდა შეუწყოს მისთვის და ქვეყნისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობის საპროტესტო განწყობების გაღვივებას, თუმცა ეს, თავისთავად, პოლიტიკურ ცვლილებებს ვერ მოიტანს. ამ პროცესს ორგანიზატორები და რაც მთავარია მონაწილეები სჭირდება: მონაწილეა ის რიგითი მოქალაქე, რომელიც გადაწყვეტს, რომ დადგა მომენტი, როცა მისი წილი პასუხისმგებლობა უნდა გამოავლინოს აქციაში მონაწილეობით თუ არჩევნებზე მისვლით. ორგანიზატორი კი არის პოლიტიკური ძალა, ან ამ ძალების ერთობა, რომელმაც მედიის აქტივობის, ხელისუფლების შეცდომების თუ თავგასულობის, საგარეო წნეხის, გეოპოლიტიკური ლანდშაფტის ცვლილების, თუ სხვა ფაქტორების ერთობლიობით, საზოგადოების მხრიდან გამოხატული პასუხისმგებლობა და აქტიურობა პოლიტიკურ პროცესსა და რაც მთავარია, პოლიტიკურ შედეგში უნდა გადათარგმნოს.

ველოსიპედის გამოგონება საჭირო არაა: პოლიტიკურ ცვლილებებისთვის აუცილებელია დემოკრატიის ყველა რგოლმა თავისი როლი ითამაშოს და საკუთარი ამოცანები ჰქონდეს. მედიამ ამბები უნდა მოჰყვეს, ოღონდ ამ ამბებს პოლიტიკოსები უნდა ქმნიდნენ და არა პირიქით. ახლა პოლიტიკოსები ჰყვებიან იმ ამბებს, რასაც მედია ქმნის. ჩვენი პოლიტიკური კლასი კი ყველაზე მეტად დაემსგავსა თბილისში მდგომ ველოსიპედის ქანდაკებას – არც წინ, არც უკან.

აი, აქ კი ვეჯახებით ბოლო წლების ტრადიციულ პრობლემას. ავტორიტარული მმართველობა ავტომატურად ნიშნავს მუდმივი წაგების შედეგად დასუსტებულ, ყველანაირი, მათ შორის ფინანსური რესურსისგან დაცლილ პოლიტიკურ პარტიებს, რომელთაც არათუ ცალ-ცალკე, არამედ მონათესავე იდეოლოგიურ პლატფორმაზე მდგომ სხვა პარტიებთან ბლოკური თანამშრომლობითაც კი პოლიტიკურ პროცესზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა უჭირთ. ავტორიტარიზმის დასუსტება და დამარცხება კი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღწევა თუ ოპოზიცია მონოპოლიზებულ გარემოში გამარჯვების რესურსის მქონე საერთო ძალის ფორმირებას ახერხებს. შემდეგ კი ორ ეტაპად: ჯერ მისაღები საარჩევნო გარემოს მიღწევით, მოგვიანებით კი არჩევნების საშუალებით ცვლის ხელისუფლებას.

ამ პროცესს სჭირდება რეალობისთვის თვალის გასწორება, საკუთარ არსენალში მყოფი ძალების ზუსტი განსაზღვრა და შემდეგ გამოყენება. ასეთი გაერთიანება ყველასთვის, განსაკუთრებით კი მცირე ზომის ოპოზიციური ძალებისთვის გარკვეული დოზით იდენტობის დაკარგვასაც ნიშნავს. თუმცა არსებობს ერთი აქსიომა: ავტორიტარიზმის დამარცხების შემდეგ ამ იდენტობის დაბრუნების სერიოზული პერსპექტივა ჩნდება. ხოლო თუ ავტორიტარიზმმა საბოლოოდ გაიმარჯვა, პარტიები იდენტობის იგივე დოზით კი არა, სრულად დაკარგვისთვის არიან განწირული. ქართულ ოპოზიციურ სპექტრში ეს ზოგისთვის აქსიომა საკამათოა, ყოველ შემთხვევაში, რასაც გარედან ვხედავთ, მათი თანამშრომლობის ტემპი და ერთიანობის ხარისხი ვერანაირ კრიტიკას უძლებს: ვერც გავრილოვის ღამემ, ვერც არჩევნების გაყალბებამ, ვერც მელიას, სააკაშვილის, თუ გვარამიას დაჭერამ და ვერც საგარეო პოლიტიკური კურსის აშკარა ცვლილებამ ოპოზიციურ ძალებს სრულად ვერ გადაალახვინა იდენტობის დაკარგვის შიში, პიროვნული თუ იდეოლოგიური თავსებადობის წინააღმდეგობები; ვერ მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ მხოლოდ ერთ ოთახში თუ ერთ სივრცეში შეკრება, ან სეგმენტური ერთიანობის ჩვენება არ ნიშნავს ძალების გაერთიანებას და მით უმეტეს, არასაკმარისია ავტორიტარიზმის დასამარცხებლად.

არავინ სთხოვს ოპოზიციას ტექნიკური ჯამის შექმნას და ერთ პარტიად გარდაქმნას, მაგრამ იქ, სადაც ამოცანები საერთოა, საერთო ხმაც საჭიროა. ასეთი კი დასავლეთის ფრონტია, რომლის მდგომარეობაც ოპოზიციისთვის ბოლო წლებია, უცვლელია. სწორედ აქ სჭირდება ოპოზიციას ერთი, ძლიერი ხმა რომელიც სწორედ იმაზე ისაუბრებს, რაც ყველას აწუხებს და აერთიანებს. ამიტომ პოლიტიკურმა ლიდერებმა, ანუ მათ, ვისთვისაც პოლიტიკოსობა მხოლოდ სოციალური სტატუსი არ არის, კეთილი უნდა ინებონ, დროულად გადალახონ პიროვნული თუ სხვაგვარი შეუთავსებლობა, პარტიული იდენტობის დაკარგვის შიში, ძალები და რესურსი ბოლომდე გააერთიანონ და დასავლეთთან ჰარმონიზებული, თუნდაც დროში გაწელილი, თუმცა მოსახლეობისთვის კარგად ახსნილი პოლიტიკური სტრატეგიით – ყველა ერთის წინააღმდეგ დაუპირისპირდნენ თავგასულ მილიარდერს. ეს არის ავტორიტარიზმის დამარცხების, ქართული დემოკრატიისა და ევროპული არჩევანის გადარჩენის ერთადერთი შანსი. სხვაგვარად ქვეყანა დიდი ხნით დაკარგავს თავისუფლებას, ევროპულ პერსპექტივას, ავტორიტარული ხელისუფლება კიდევ უფრო გაძლიერდება, მისი ტირანიად გადაქცევა კი უბრალოდ დროის საკითხი გახდება. ჭაობის ფსკერისკენ მიმავალი ქართული სახელმწიფოს ადგილზე კი კატათაგვობანად ქცეული ქართული პოლიტიკის გამოშვებული ბუშტებიღა დარჩება.

ფორმულა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share