უცხოელი ნაცები არიან, სურთ გადააყირაონ საქართველოს მთავრობა – წულუკიანი დასავლელ პარტნიორებზე

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის აზრით, “ნაციონალური მოძრაობა” დასავლელი პარტნიორების “პატარა ჯგუფს” ევროპად “ასაღებს”, სინამდვილეში კი “ეს ჯგუფი ცდილობს, ენმ-სთან ერთად გადააყირაოს მთავრობა”. წულუკიანის აზრით, ეს ადამიანები “უცხოელი ნაცები” არიან.

ამ თემაზე მინისტრმა “იმედი LIVE” ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ “პატარა ჯგუფში” სულ 10-11 კაცია, მათ შორის, წულუკიანმა დაასახელა ევროპარლამენტარები ვიოლა ფონ კრამონი, ანა ფოტიგა, ასევე, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი და ლიეტუვის სეიმის წევრი ჟიგიმანტას პავილიონისი.

“არ შეიძლება ერთმა სისხლის სამართლის საქმემ, რომელიც სისხლის სამართლის საქმეა და არა როგორც სახალხო მგონი დამცველს გონია, რომ ამ საქმეში სისხლის სამართალი საერთოდ არაფერ შუაშია, სისხლის სამართლის საქმემ ქართველი ერის ევროპული არჩევანი შეცვალოს, ან ვინმე მიცეს იმის უფლება, რომ ეს ესოდენ მნიშვნელოვან საქმედ აქციოს. თუმცა, არიან უცხოელების ჯგუფი, რომლებსაც ეს აღელვებთ და უცხოელთა ეს ჯგუფი ცდილობს, რომ ქართველ ხალხს მიყიდოს თავის თავი, თითქოს ისინი არიან თვით დასავლეთი, თვით ევროპა და თუკი ისინი რაღაცით არიან უკმაყოფილოები, ეს ნიშნავს, რომ დასავლეთ ევროპა, NATO და ფრანგები, გერმანელები, პოლონელები და ყველა გვერჩის ერთიანად. ეს არის უცხოლების პატარა ჯგუფი, უცხოელების ამ პატარა ჯგუფს, მე მათში ვგულისხმობ ლამის ქართველ პოლიტიკოსად ქცეულ გერმანელ პოლიტიკოსს ქალბატონ ვიოლა ფონ კრამონს, რომელსაც მემგონი თავის საარჩევნო ოლქში აღარ აქვს იმდენი საქმე და პირდაპირ დაკავებულია, პირდაპირ ერევა ქართულ პოლიტიკაში, ხან ვის დაუქნევს თითს და ხან ვის და ჰგონია, რომ მას ამის უფლება აქვს.

ასევე არის ბატონი იან კელი. ალბათ ერთი იან კელის წონის ცრემლები აქვს ერთ ქართველ დედას ჩუმად დაღვრილი, როდესაც თავის შვილებს ევროპული და დასავლური არჩევანის დასაცავად უშვებდა სხვადასხვა ბრძოლაში. მას არ ერიდება მაგალითად, რომ ყოველ დღე ან დღეში რამდენჯერმე ქართველ ერს, მის მთავრობას მიაყენოს შეურაცხყოფა, გააკრიტიკოს, თითი დაგვიქნიოს, ვითომ  ჩვენ, რომელიმე ჩვენგანი ნული კლასის მოსწავლეები ვიყოთ. არიან კიდევ სხვები, კოლექტიური პედრო აგრამუნტები, რომელიც შემდეგ პუტინის თვითმფრინავით, ნაცები უყვარდა და ასადთან ჩაფრინდა სირიაში, გვახსოვს ეს ყველას და განდევნეს ევროსაბჭოს ასამბლეიდან, კოლექტიური ჟიგიმანტასები თუ რაც ჰქვია და ა.შ.

ესენი არიან პატარა ჯგუფი და “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს, ეს ხალხი მოგვყიდოს, რომ ესენი არიან თვით ევროპა. სინამდვილეში ეს ასე არ არის. ამ ხალხს აქვს მხოლოდ ვიწრო პარტიული ინტერესი ნაციონალებთან ერთად, რომ გადააყირაოს ეს მთავრობა, იმიტომ, რომ ისინი არ გვთვლიან ჩვენ მათ მეგობრებად, ეს არის მეგობრული წრე და მეგობრობაში მოსულა, რომ ერთმანეთი დაიცვან. მეგობრობაში ბევრი რამ იგულისხმება”, – თქვა წულუკიანმა. 

მისივე მტკიცებით, ნამდვილი მეგობრები, რომელთა სია გრძელია, ქართულ მედიაში არ ჩანან, რადგან ისინი მთავრობას ელაპარაკებიან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share