“ბიძინა ივანიშვილს მოუწევს გაცვალოს ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება საკუთარ მილიარდებზე”-იაკობაშვილი

ბიძინა ივანიშვილს მოუწევს გაცვალოს ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება საკუთარ მილიარდებზე– აცხადებს “მთავარი არხის” მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, ჟურნალისტი პაატა იაკობაშვილი “ქორთიარდ მერიოტთან” მიმდინარე აქციაზე, სადაც კრიტიკული მედიის წარმომადგენლები, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის შეხვედრების პარალელურად, აქცია-პერფორმანსს მართავენ.

პაატა იაკობაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილი გრძნობს სანქციების საფრთხეს და იგროვებს სავაჭრო თემებს:

“გაიგებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ჩვენს ძახილს, იმიტომ რომ სიტყვის თავისუფლება მათთვის ერთ ერთი ფუნდამენტური ღირებულებაა და ყოველთვის, დასავლეთს, ამერიკელებს, აქვთ ძალიან მძაფრი რეაქცია სიტყვის თავისუფლების ღირებულების დარღვევაზე პარტნიორ ქვეყნებში. ბიძინა ივანიშვილს არ აქვს რესურსი, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლური სამყაროს ბრძოლას თავისი ღირებულების დაცვისთვის. ბიძინა ივანიშვილი და მითუმეტეს ქართული ოცნება ვერ გაუწევენ წინააღმდეგობას დასავლეთის ბრძოლას რუსეთის და კრემლის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი ხდება იმიტომ რომ სანქციებს თვალნათლივ ხედავს ივანიშვილი და უკრაინაში დაწყებულმა ომმა თვალნათლივ დაგვანახა, რომ ის კრემლის აგენტია და ცდილობს იყოს კრემლის მოკავშირე. ხედავს, რომ სანქციები ემუქრება და მაქსიმალურად ძაბავს აქ სიტუაციას, რომ ბოლოს სავაჭროდ გამოიყენოს ნიკას პატიმრობა, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა, ზეწოლა მედიაზე , ოღონდ კი თავისუფალი კაპიტალი გადაარჩინოს, მისი საკუთარი კაპიტალი, იმიტომ, რომ სხვა ფასეულობა მას არაფერი არ აქვს, მისი  მთავარი მიზანია საკუთარი მილიარდების, კრემლის მილიარდებს გადარჩენა და ამაში დარწმუნებულ ვარ, რომ გაცვლის ნიკას თავისუფლებას, მოუწევს გაცვალოს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება და შეგვეშვას ჩვენ, ჟურნალისტებს” ამბობს პაატა იაკობაშვილი.

4 კრიტიკული ტელევიზიის – “მთავარი არხის”, “ტვ პირველის”, “ფორმულასა” და “კავკასიას” ჟურნალისტები შეეცდებიან დერეკ შოლეს ერთობლივი წერილიც გადასცენ, სადაც დეტალურადაა საუბარი მედიის მძიმე  მდგომარეობაზე საქართველოში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share