“ვერ დავმალავ, რომ ძალიან მიხარია რომ ლაშა ჩხიკვაძე ვერ “იგულავებს” ფლორიდაში და ახლა ალბათ ჩალაგებულ ჩემოდნებს უკან ალაგებს”, – ასე გამოეხმაურა “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი გაბუნია აშშ-ის საელჩოს მიერ ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის ტრენინგიდან მოხსნას.
“მე თუ მკითხავთ, მსგავსი მოსამართლეები ერთი ტრენინგიდან კი არა, მსგავსი პროგრამებიდან სამუდამოდ უნდა ამოიღონ. როდესაც ასეთი გრძელი ისტორია გაქვს პოლიტიკური გადაწყვეტილებების, როგორიც ჩხიკვაძეს: გვარამიას საქმე, უგულავას საქმე, ოქრუაშვილის საქმე, ახალაიას საქმე – ეს ხომ შემთხვევითი არ არის. ასეთ ადამიანებს საერთოდ არ უნდა მიეცეთ ამერიკის და დასავლეთის ფულით დაფინანსებულ პროგრამებში მონაწილეობის უფლება და მე თუ მკითხავთ, ამ ქვეყნებში საერთოდ შესვლის უფლებაც უნდა აეკრძალოს. ეს რაც მოხდა ლაშა ჩხიკვაძესთან დაკავშირებით, ჩვენ დასაბუთებულად არ ვიცით, მაგრამ შემთხვევითი არ არის. თუ ეს სიმართლეა და სწორედ ამ მიზეზით მოხსნა საელჩომ ის პროგრამიდან, ეს გარკვეულწილად სანქციაა, რასაც ჩვენ ვითხოვდით კიდევაც. მიხარია, რომ ასეთი პრაქტიკული ნაბიჯით გაუშვა სიგნალი მოსამართლეებისა და ქართული ოცნებისადმი. ვისურვებდი, ნამდვილი სანქციებიც დაედოთ ასეთ მოსამართლეებს, რადგან იმსახურებენ”, – თქვა გიორგი გაბუნიამ.