400 გვერდიანი დოკუმენტის შესწავლა მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმებმა დღეს დილიდან დაიწყეს – კლინიკა ვივა მედში საქართველოს მესამე პრეზიდენტის გამოკვლევები დასრულებულია. წინასწარი ინფორმაციით, რადიოლოგიური და კომპიუტერული კვლევების შედეგებში ბევრი ცვლილებაა, განსაკუთრებით თავის ტვინის ტომოგრაფიულ გამოკვლევაში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ექიმებისთვის კლინიკა ვივა მედის ამ დრომდე არ გადაუცია იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რასაც მიხეილ სააკაშვილი უკვე მესამე დღეა იღებს. უცნობია, რა პროტოკოლით ტარდება მკურნალობა, თუმცა ფაქტია, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება კლინიკაში ვერ მოხერხდა. ამას ამბობს თავად მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც კლინიკიდან წერილი პოლიტიკურ თანაგუნდელს გამოატანა.
ექიმები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შესაბამის მკურნალობას ვერ იღებს. თვლიან, რომ კლინიკის ხელმძღვანელობა დიაგნოზის გასაჯაროებას განზრახ აჭიანურებს და იუსტიციის სამინისტროს ელის.
ბრალდებებს დღეს ვივა მედის ხელმძღვანელობამ წერილობით უპასუხა. განცხადებაში ნათქვამია, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია თითქოს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა უშედეგოა სიმართლეს არ შეესაბამება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი კლინიკაში მე-13 დღეა მკურნალობს. ბოლო ორი დღის მანძილზე მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა, წყაროს ინფორმაციით, სამედიცინო მანიპულაციების ჩასატარებლად ის საკუთარი ფეხით გადაადგილებას ვერ ახერხებს და ეტლით სარგებლობს. მთავარი მოთხოვნა, მისი საზღვარგარეთ გადაყვანის შესახებ უცვლელი რჩება.
მთავარი არხი